ზინედინ ზიდანის გუნდი მატჩის დასაწყისშივე კარგად გამოიყურებოდა და ასე გაგრძელდა მთელი შეხვედრის მანძილზე. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული „რეალი“ დიეგო სიმეონეს გუნდს ერთი თავით სჯობდა, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა. თავის მხრივ „ატლეტიკო“ იმ გუნდს არ ჰგავდა, რომელიც ბოლო პერიოდში ფეხბურთის მოყვარულებს ახსოვდათ - „როხიბლანკომ“ მისთვის ჩვეული, ტაქტიკურად გამართული, დისციპლინირებული დაცვა და აგრესიული თამაში ვერ აჩვენა. „სამეფო კლუბი“ ლაღად თამაშობდა, „ატლეტიკოს“ კი 90 წუთის მანძილზე ღირებული არაფერი შეუქმნია.
„რეალის“ პროტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ მატჩში რვა გოლის გატანა შეძლო. რონალდომ მეშვიდედ შეასრულა ჰეთ-თრიქი და ამ კომპონენტში იგი ლიონელ მესის გაუტოლდა. ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს უკვე 103 გატანილი გოლი დაუგროვდა.
მადრიდული გუნდები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ბოლო ოთხი წელია ერთმანეთს ხვდებიან, განმეორებით ნახევარფინალურ მატჩს 10 მაისს, სტადიონ „ვისენტე კალდერონზე“ გამართავენ.