ხულენ ლოპეტეგიმ „ბლანკოსს“ 14 თამაშში უხელმძღვანელა, მის აქტივში 6 მოგება, 2 ფრე და 6 წაგებაა, მის გაშვებაში გადამწყვეტი კი „ელ კლასიკოში“ „ბარსელონასთან“ 1:5 განადგურება გამოდგა.
მადრიდულ გრანდს დროებით ახლო წარსულში „რეალში“ მოთამაშე სანტიაგო სოლარი გაწვრთნის, რომელიც ბოლო პერიოდში „რეალი B“-ს ედგა სათავეში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ლოპეტეგი, რომელმაც ესპანეთის ნაკრების თავკაცის პოსტზე ყოფნის პერიოდში „რეალთან“ აწარმოა მოლაპარაკებები, ამ ზაფხულს მუნდიალის დაწყებამდე 2 დღით ადრე ნაკრების მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს.
რაც შეეხება „რეალს“, მადრიდული კლუბი ესპანეთის ჩემპიონატში განვლილი 10 ტურის შემდეგ 14 ქულით მხოლოდ მე-9 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 3 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ქვეჯგუფში მეორე პოზიციაზეა.