გასულ თვეში ბასკურმა კლუბმა 6-დან 5 მატჩი მოიგო, ქართველი ლეგიონერი კი უდავო ლიდერად მოგვევლინა. შენგელია საშუალოდ 22 წუთში 15.5 ქულას, 4.1 მოხსნასა და 3.0 პასს აგროვებდა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19.8-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელი მაჩვენებელის მხრივ მე-2 ადგილზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი – ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი ტად მაკფადენი (19.7) გავიდა.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ სეზონი „სარაგოსასთან“ 21 ქულით, 8 მოხსნითა და 6 პასით გახსნა და ტურის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს. „თოკომოტივს“ ტემპი არ დაუგდია და მისი მომდევნო მაჩვენებლები ასეთი გახლდათ: 18 ქულა, 7 მოხსნა „ბურგოსთან“; 13 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი – „გიპუსკოა ბასკეტთან“; 9 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი – „ფუენლაბრადასთან“; 14 ქულა, 2 პასი – „ბურგოსთან“; 18 ქულა, 2 მოხსნა – „ესტუდიანტესთან“.