ქართველი ექს-ფეხბურთელი მანჩესტერში იმყოფებოდა, სადაც საფეხბურთო მაისურების მაღაზია Classic Football Shirt-ის ცენტრალურ ფილიალში მივიდა და „მანჩესტერ სიტის“ ფანებს შეხვდა. ქინქლაძემ ავტოგრაფები დაარიგა და ფოტოები გადაიღო.
ქინქლაძის თქმით, იგი მანჩესტერში ხშირად ჩადის და ახლაც გრძნობს ფანების სიყვარულსა და პატივისცემას, რასაც რა თქმა უნდა, აფასებს.
გიორგი ქინქლაძემ კომენტარი „სიტის“ ამჟამინდელ სათამაშო სტილზე, მტავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებზე გააკეთა და გუნდის რიგებში ესპანელი დავიდ სილვა გამოყო.
„რა თქმა უნდა, მომწონს დავიდ სილვა. ის ტოპ ფეხბურთელია. აგრეთვე მომწონს სერხიო აგუერო და კევინ დე ბრუინი. ყველა ნახევარმცველი და თავდამსხმელი ძალიან კარგია. შესანიშნავია საყურებლად და მათთან თამაში ძალიან ადვილია. სიამოვნებით ვითამაშებდი გვარდიოლას გუნდში. მომწონს სათამაშო სტილი და ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა „მან სიტის“ ჰყავს. ძალიან მომწონს“, - უთხრა ადგილობრივ გამოცემას ქინქლაძემ.
ქართველი ექს-ფეხბურთელი ყოფილ გუნდს ახლაც ქომაგობს და მიაჩნია, რომ „მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს, თუმცა კლუბის შანსს ჩემპიონთა ლიგაზე უფრო პესიმისტურად აფასებს, რადგან მისი აზრით, ევროტურნირის მოსაგებად გუნდისგან მეტი მუშაობაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტიში“ 1995-1998 წლებში გამოდიოდა და სამი სეზონის განმავლობაში გამართულ 118 მატჩში 22 გოლი გაიტანა.
წყარო: მსოფლიო სპორტი