ფინალში თამაშის უფლება ჯერ „რივერ პლეიტმა“ მოიპოვა, რომელმაც ტურნირის გასული წლის გამარჯვებული „გრემიო“ ნახევარფინალში ჩამოიცილა გზიდან. მარსელო გალიარდოს გაწვრთნილი „რივერი“ პირველ შეხვედრაში შინ „ესტადიო მონუმენტალზე“ 0:1 დამარცხდა, თუმცა საპასუხო შეხვედრა სტუმრად პორტო ალეგრიში 2:1 მოიგო და ლიბერტადორესის თასის ფინალში მეექვსედ იასპარეზებს. „რივერ პლეიტი“ ტურნირის ფინალში ბოლოს 2015 წელს იყო, როდესაც თასიც მოიგო.
მეორე ფინალისტის საგზური „ბოკა ხუნიორსმა“ ასევე ბრაზილიურ კლუბს, „პალმეირასს“ წაართვა. გილერმო ბაროს სკელოტოს გუნდმა ერთი კვირის წინ ბუენოს აირესში, დარიო ბენედეტოს დუბლით მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა (2:0) შეინარჩუნა. სან პაულოში „პალმეირასი“ ბევრს ეცადა, რომ ჩამორჩენა აღმოეფხვრა, მაგრამ არ გამოუვიდა, მეტიც - ანგარიში ისევ ბუენოს აირესელებმა გახსნეს და ტაიმი მოიგეს კიდეც. მეორე ნახევარში ლუის ფელიპე სკოლარის გუნდმა ლუან გარსიასა და გუსტავო გომესის გოლებით გაათანაბრა და დაწინაურდა კიდეც, მაგრამ იმავე ბენედეტომ მასპინძელთა იმედებს ცივი შხაპი გადაასხა - 2:2. „ბოკა“ ამ ტურნირის ფინალში მეთერთმეტედ ითამაშებს. ბოლოს გუნდი ფინალში 2012 წელს იყო, როდესაც „კორინთიანსთან“ (1:1, 0:2) დამარცხდა.
ამრიგად, ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული ორმატჩიანი ფინალში, 7 და 28 ნოემბერს, „ესტადიო მონუმენტალსა“ და „ლა ბომბონერაზე“ გასამართ „სუპერკლასიკოს“ დაპირისპირებებში გაირკვევა.