weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა

23:20 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა UEFA-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ყაზახეთთან გამარჯვებით დაასრულა და D დივიზიონში მოთამაშე 16 გუნდს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა, რითაც საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მეოთხე კალათში განთესვა და ერთა ლიგის პლეი-ოფში საკუთარ სტადიონზე თამაშის უფლება გაინაღდა.

„დინამო არენაზე“ ყაზახეთთან შეხვედრა „ჯვაროსნების“ უპირატესობით დაიწყო და დიდი სათამაშო უპირატესობაც მასპინძლებმა მოიპოვეს, თუმცა 25 წუთის შემდეგ სტუმარმა ყაზახებმაც შეაწუხეს კონტრშეტევებით მეკარე გიორგი ლორია.

მეორე ტაიმში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ქართველებმა კიდევ უფრო მოუმატეს და რეალური მომენტებიც შექმნეს. პირველი გოლი გიორგი მერებაშვილის ანგარიშზეა, რომელიც მარცხენა ფრთაზე შესანიშნავად მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემას თავით გამოეხმაურა. გოლის შემდეგ „ჯვაროსნებს“ ფსიქოლოგიური წნეხი თითქოს მოეხსნათ და კიდევ უფრო მწვავედ შეუტიეს სტანიმირ სტოილოვის გუნდს. ერთ ეპიზოდში სტუმართა კარში გოლი სასწაულებრივად არ გავიდა, როდესაც სამი ქართველი აღმოჩნდა საჯარიმოში შეჭრილი, ბურთი კი ძელს მოხვდა. მეორე გოლი მაინც გავიდა - საქართველოს ნაკრების ლიდერად ქცეულმა 19 წლის ჩაკვეტაძემ ტექნიკური გარჯის შემდეგ ბრწყინვალე დარტყმით აიღო სტუმართა კარი და „დინამო არენაზე“ შეკრებილი პუბლიკა სიხარულისგან გადარია. ჩაკვეტაძემ ერთა ლიგის ექვს შეხვედრაში მეოთხე გოლი გაიტანა, სულ კი ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ მეშვიდე შეხვედრაში მეხუთედ დაამწუხრა მეტოქე. მეორე გოლის შემდეგ მასპინძლები მოდუნდნენ და თამაშის მიწურულს ტემპის დაგდება სცადეს, რის გამოც გუნდი დაისაჯა - შეცვლაზე შესულმა ახალგაზრდა ყაზახმა ფეხბურთელმა ქართველთა დაცვის ჩავარდნით ისარგებლა და მოხდენილი სადებიუტო გოლით სხვაობა შეამცირა. „ჯვაროსნებმა“ დარჩენილი წუთები გაძლეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 6 მატჩში 16 ქულის აღება მოახერხა, რაც D დივიზიონის ვერცერთმა სხვა გუნდმა ვერ შეძლო. ერთა ლიგის პლეი-ოფში „ჯვაროსნების“ მეტოქე გუნდის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი, ნახევარფინალურ პლეი-ოფამდე კი ეროვნული გუნდი რეგულარულ შესარჩევ ციკლში იასპარეზებს, სადაც როგორც უკვე ვახსენეთ, მე-4 კალათში იქნება განთესილი, შესაბამისად, ქვეჯგუფში ორი უფრო სუსტი მეტოქე ეყოლება, სამი კი - ძლიერი.

საქართველო - ყაზახეთი 2:1

თბილისი, „დინამო არენა“, მაყურებელი: 54 000

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე (ხოჭოლავა 86), კვერკველია, კაშია, დვალი; კანკავა, კვეკვესკირი; ჩაკვეტაძე (აბურჯანია 90), გვილია (კაჭარავა 74), მერებაშვილი; ყაზაიშვილი.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ყაზახეთი (4-4-1-1): ნეპოგოდოვი; ბეისებეკოვი, მალი, ლოგვინენკო, სუიუმბაევი; ფედინი (ომირტაევი 88), კუატი, მუჟიკოვი, მურთაზაევი (ტურისბეკი 84); ჟაიტდინოვი; შჩეტკინი (პერცუხი 74).

გოლები: 1:0 მერებაშვილი (59) 2:0 ჩაკვეტაძე (84) 2:1 ომირტაევი (88).

გაფრთხილება: მუჟიკოვი (45), სუიმბაევი (90).

მსაჯი: ტიაგო მარტინსი (პორტუგალია)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]