weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ტორპედო“ საქართველოს თასის მფლობელია

10:32 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2018 წლის გათამაშების მფლობელია. დასამახსოვრებელ და დრამატულ ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, ქუთაისელებმა ლიგა 2-ის წარმომადგენელი „გაგრა“ დამაარცხეს.

ქუთათურები მატჩამდე ფავორიტად „ტორპედო“ მიიჩნეოდა, თუმცა დენის ხომუტოვის გაწვრთნილმა „გაგრამ“ თამაში ჩინებულად დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში სჯაბნიდა კიდეც გამოცდილ მეტოქეს. „გაგრა“ პირველ ნახევარში „ტორპედოს“ მისსავე ნახევარზე აპრესინგებდა და ამას ხშირად შედეგიც მოჰქონდა. 37-ე წუთზე „გაგრელთა“ აქტიურობამ შედეგი გამოიღო: რატი ცაცკრიალაშვილმა მოხდენილად ითამაშა და შეტევას იდეალური გაგრძელება მისცა, ნუგზარ სპანდერაშვილი „ტორპედოს“ მეკარე როინ კვასხვაძეს შეატოვა პირისპირ და შემტევმაც გოლიპერს ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი. პირველ ტაიმში აღარფერი შეცვლილა.

მეორე ნახევრის სტარტზე „გაგრა“ ძალიან აქტიური იყო და საგოლე მომენტებიც შექმნა. ყველაზე ახლოს მიზანთან ცაცკრიალაშვილი გახლდათ, რომლის დარტყმული კვასხვაძემ დიდებული სეივით კუთხურზე მოიგერია. ეს კუთხური კი შედეგიანი გამოდგა: ივანე ხაბელაშვილმა მეორე სართულზე ყველას დაასწრო და ლამაზი გოლი გაიტანა- 2:0. თითქოს ყველაფერი გაირკვა, რადგან „გაგრამ“ ორბურთიანი უპირატესობა მიიღო და თანაც მთელი თამაშის განმავლობაში მოწინააღმდეგეს შანსს არ აძლევდა, თვითონ კარგად უტევდა, ხოლო დაცვაში შეცდომას არ უშვებდა. ამასობაში კახა ჩხეტიანმა „ტორპედოში“ ცვლილებებს მიმართა და სწორედ ეს გამოდგა გადამწყვეტი: მოედანზე სლოვაკი მილოშ ლაჩნი გამოჩნდა სწორედ  იგი გახდა მატჩის გმირი: 74-ე წუთზე ლაჩნიმ კუთხურის შემდეგ პირველ ძელთან ყველას აჯობა და სხვაობა შეამცირა, ბოლო წუთზე კი დუბლიც გაიფორმა პენალტით, რომელიც გაგრელთა მცველის ხელით თამაშს მოჰყვა.

დამატებით დროში გუნდებს აღარ გაურისკავთ. „ტორპედო“ 105-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, რადგან დავით ხურცილავამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო. საბოლოოდ კი ყველაფერი პენალტების სერიაში გაირკვა. ქუთაისელები უშეცდომოდ გაისარჯნენ, ხოლო „გაგრამ“ ორჯერ ვერ გაიტანა. ჯერ ჯაბა ქასრელიშვილმა ზემოდან გადააცილა ბურთი კარს, ხოლო ერეკლე სულთანიშვილს როინ კვასხვაძემ აჯობა და თამაშიც დასრულდა.

„ტორპედომ“ საქართველოს თასი მეოთხედ მოიგო (1999, 2001, 2016, 2018 წლებში), ხოლო „გაგრამ“ თასის ფინალი მეორედ ითამაშა და პირველად დამარცხდა.

გაგრა – ტორპედო 2:2 (2:4  პ.ს.)

ბათუმი, „ანგისას ბაზა“

გაგრა (5-3-2): შევჩუკი; ხოსიტაშვილი, სამხარაძე (ივანიაძე 110), კილაძე, გ. გაფრინდაშვილი, ხაბელაშვილი (ლომსაძე 87); კაკიაშვილი, სულთანიშვილი, ცაცკრიალაშვილი (ქასრელიშვილი 81); თ. გაფრინდაშვილი, სპანდერაშვილი (მათიაშვილი 65).

მწვრთნელი: დენის ხომუტოვი

ტორპედო (4-2-3-1): კვასხვაძე; გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ხურცილავა; ცინცაძე (კუხიანიძე 93), გიგაური (წიქარიძე 71); დოლიძე, ქიმაძე (ლაჩნი 54), კუტალია; კაპანაძე (დაფე 46).

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლები: 1:0 სპანდერაშვილი (37) 2:0 ხაბელაშვილი (49) 2:1 ლაჩნი (74) 2:2 ლაჩნი (90 პ.).

გაფრთხილება: კაკიაშვილი (10), ხაბელაშვილი (72), მათიაშვილი (90) - ხურცილავა (62, 105), კუტალია (65).

გაძევება: ხურცილავა (105)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]