weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოსწინა ტური დაიწყო

10:41 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

სამკვირიანი შესვენების შემდეგ ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მე-5 ტურის მატჩებით განახლდა. ევროპის 8 ქალაქში გამართულ შეხვედრებში მერვედფინალისტთა ვინაობაც გაირკვა.

E ჯგუფის პირველი შეხვედრა ათენში შედგა და სტუმარი „აიაქსის“ გამარჯვებით დასრულდა. „აეკ“-ს ამსტერდამელებმა სერბი დუშან ტადიჩის გვიანი დუბლით სძლიეს და პლეი-ოფის საგზური გაიფორმეს. ქვეჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელსაც ერთადერთი ინტრიგა ჰქონდა - დარჩებოდა თუ არა ბავარიული გრანდის თავკაცის პოსტზე საყოველთაო კრიტიკის ობიექტი ნიკო კოვაჩი, მასპინძელმა „ბაიერნმა“ ლისაბონის „ბენფიკა“ არ დაინდო. ტრავმის შემდეგ დაბრუნება საფირმო ცაციით შესრულებული დუბლით აღნიშნა არიენ რობენმა, ვისაც რობერტ ლევანდოვსკი (დუბლი თავურით) და ფრანკ რიბერიც არ ჩამორჩნენ. ბოლო ტურში უკვე მერვედფინალისტი „აიაქსი“ და „ბაიერნი“ მხოლოდ პირველადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ.

აეკ - აიაქსი 0:2

დ. ტადიჩი (68), დ. ტადიჩი (72 პ.).

ბაიერნი - ბენფიკა 5:1

1:0 რობენი (13) 2:0 რობენი (30) 3:0 რ. ლევანდოვსკი (36) 3:1 ჟედსონ ფერნანდესი (46) 4:1 რ. ლევანდოვსკი (51) 5:1 რიბერი (76).

F ჯგუფში პეპმ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიმ“ კვლავ ვერ შეძლო ლიონის „ოლიმპიკის“ დამარცხება, თუმცა პირველ ადგილზე მაინც დარჩა. გეხსომებათ, პირველ ტურში „სიტი“ ფრანგულ კლუბთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა, ამჯერად კი ლიონში სტუმრად ითამაშა ფრე. დუბლით გამოირჩა ლიონელი მაქსველ კორნე, რომელმაც პირველ მატჩშიც გაუტანა „ქალაქელებს“. თავის მხრივ ისიც უნდა ითქვას, რომ „ოლიმპიკმა“ პირველ ტურში „სიტისთან“ გამარჯვების შემდეგ გამართული ოთხივე შეხვედრა ყაიმით დაასრულა. პლეი-ოფში მოხვედრის შანსი მიეცა დონეცკის „შახტარს“, რომელმაც პრინციპულ შეხვედრაში სტუმრად შეძლო მებრძოლი „ჰოფენჰაიმის“ დამარცხება, თანაც ეს მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში მოახერხა, არადა პირველივე ტაიმში 2:2 იყო დაფიქსირებული. ამრიგად, ბოლო ტურში „შახტარი“ ფრანგულ გუნდს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალშიც გავა. აქვე გეტყვით, რომ „ჰოფენჰაიმის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა საქართველოს ნაკრებიც მცველი დავით ხოჭოლავა.

ლიონის ოლიმპიკი - მანჩესტერ სიტი 2:2

1:0 კორნე (55) 1:1 ლაპორტი (62) 2:1 კორნე (81) 2:2 აგუერო (83).

ჰოფენჰაიმი - დონეცკის შახტარი 2:3

0:1 ისმაილი (14) 0:2 ტაისონი (15) 1:2 კრამარიჩი (17) 2:2 ზუბერი (40) 2:3 ტაისონი (90+2).

E ჯგუფის ადრე გამართულ შეხვედრაში პლზენის „ვიქტორიამ“ სტუმრად მოსკოვში „ცსკა“ დაამარცხა და მესამე ადგილი წაართვა, რაც ევროპა ლიგაზე გადართვას ნიშნავს. ქვეჯგუფის უკვე მერვედფინალისტმა ლიდერებმა კი რომში ითამაშეს, სადაც „რომამ“ კვლავ ვერ შეძლო „რეალის“ ძლევა და პირიქით - დამარცხდა.

მოსკოვის ცსკა - ვიქტორია პლზენი 1:2

1:0 ვლაშიჩი (10 პ.) 1:1 პროხაზკა (56) 1:2 ჰეიდა (81).

რომა - რეალი 0:2

ბეილი (47), ვასკესი (59).

მინიმალური ანგარიშით მოიგეს თავიანთი საშინაო შეხვედრები H ჯგუფის გამოკვეთილმა ფავორიტებმა და მერვედფინალში გავიდნენ. „იუვენტუსმა“ შინ „ვალენსიას“ სძლია, ცუდ ფორმაში მყოფმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი დამატებულ წუთებზე გაჭირვებით მოიგო „იანგ ბოიზთან“.

იუვენტუსი - ვალენსია 1:0

მანჯუკიჩი (59).

მანჩესტერ იუნაიტედი - იანგ ბოიზი 1:0

ფელაინი (90+1).

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ოთხ ქვეჯგუფში გაიმართება მეხუთე ტურის დარჩენილი რვა შეხვედრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]