ტრნავის „სპარტაკი“ შემდგომ ეტაპისთვის ბრძოლას წინა ტურში ზაგრების „დინამოსთან“ სტუმრად მარცხისას (1:3) გამოეთიშა, როდესაც სლოვაკური გუნდიდან ერთადერთი გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა. სლოვაკეთის „სპარტაკმა“ ამჯერად ბრიუსელში „ანდერლეხტთან“ ითამაშა უგოლო ფრე. აღნიშნულ შეხვედრაში ტრნაველთა რიგებში ჭანტურიშვილის მსგავსად ძირითადში იყო გამწესებული დავით სხირტლაძე, რომელმაც 32-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ორივე ქართველმა ნახევარმცველმა ბრიუსელში 90 წუთი ითამაშა.
ქვეჯგუფში უკვე ჩარჩენილია პოლტავის „ვორსკლაც“, რომელმაც მე-5 ტურის შეხვედრა შინ ლონდონის „არსენალთან“ 0:3 წააგო. განაცხადში კვლავ არ ყოფილან ანდრო გიორგაძე და სანდრო კობახიძე, რომელსაც მხრის ტრავმა აწუხებს.
სანახაობრივი, სახალისო და უხვგოლიანი შეხვედრა შედგა „სან სიროზე“, სადაც ტურნირის კიდევ ერთი აუტსაიდერი, უქულოდ მყოფი „დუდელანჟი“ სახელოვან „მილანს“ ერთ ხანს ამარცხებდა კიდეც, თუმცა საბოლოოდ კლასმა თავისი გაიტანა და ჯენარო გატუზოს გუნდმა ლუქსემბურგელები 5:2 დაამარცხეს. „დუდელანჟის“ რიგებში 80-ე წუთზე გამოჩნდა ლევან ყენია, რომლის მოედანზე შესვლის მომენტში ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.
სათადარიგო სკამიდან ადევნა მოსკოვის „სპარტაკის“ შეხვედრას ჯანო ანანიძემ. რუსული კლუბი შინ ვენის „რაპიდთან“ შერცხვა (1:2) და პლეი-ოფში მოხვედრის საკითხი საკმაოდ გაირთულა. აღნიშნული შეხვედრა პირველი ევრომატჩი იყო „სპარტაკის“ ახალი მწვრთნელისთვის, ოლეგ კანონოვისთვის.
მორიგი საშინაო შეხვედრა მოიგო „კრასნოდარმა“, რომელიც თავის ქვეჯგუფს 12 ქულით უდგას სათავეში. თურქულ „აქჰისართან“ მატჩში თორნიკე ოქრიაშვილი სათადარიგო იყო და მეოდანზე არ გამოჩენილა.
ევროპა ლიგაზე უკანასკნელი, მე-6 ტურის მატჩები 13 დეკემბერს გაიმართება.