ბერძენმა მწვრთნელმა მოსალოდნელი სასტარტო ხუთეული დააყენა: თად მაკფადენი, გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი, ოთხი მათგანი მაგრადაც დაიტვირთა და ერთადერთი, ვისაც თამაში არ წაუვიდა და საბოლოოდ, მწვრთნელმა მხოლოდ 7 წუთი დაუთმო, ბურჯანაძე იყო. ეტყობოდა, რომ ბურჯანაძეს მძიმე ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და სასურველ ფორმაში არაა.
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა მასპინძლები სამწამიანი ზონიდან გააწამა, სადაც გიორგი შერმადინისა და გოგა ბითაძის სახით „დამრტყმელი“ ტანდემი გვყავდა. დუეტმა შეტევაში ხომ გაილაღა, მეტოქეებს არაერთი ფოლი აჰკიდას და ესტონელებს საკუთარ ფარქვეშაც არ აჭაჭანებდა. ორივე ქართველმა ცენტრმა 11-11 მოხსნა მიითვალა, შერმადინის მონაგარი 23 ქულა იყო, ბითაძემ კი 19 ქულა ჩააგდო.
საქართველოს ნაკრების ბერძენმა დამრიგებელმა განაცხადში მყოფი 12-დან 9 კალათბურთელი დატვირთა, რატი ანდრონიკაშვილს, ილია ლონდარიძესა და რევაზ როგავას კი მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემიათ.
საქართველოს ნაკრების გამარჯვება ეჭვქვეშ, ფაქტობრივად, არ დამდგარა. ზუროსის შეგირდები თითქმის მუდმივად 8-10 ქულით წინ იყვნენ, ბალტიისპირელებმა კი დევნას ბევრი ენერგია შეალიეს, მაგრამ კლასში სხვაობა აშკარა იყო.
ამ დროისთვის სანუკვარ პოზიციაზე 5 გამარჯვების მქონე სერბეთია, რომელსაც 4-4 მოგებით საქართველო და ისრაელი ჩამორჩებიან, ესტონეთს კი აქტივში მხოლოდ 2 წარმატებული მატჩი აქვს და ცხადია, მარაქაში ვეღარ გაერევა. ამის გათვალისწინებით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება 3 დეკემბერს დაგეგმილ მატჩებს, როდესაც საქართველო თბილისში ისრაელს დაუხვდება, სერბეთი კი ბელგრადში საბერძნეთს მიიღებს. ამავე დღეს გერმანია ესტონეთს უმასპინძლებს, თუმცა, ამ თამაშის შედეგის პროგნოზირება რთული არაა.