ბერძენმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ნაკრებში კვლავაც ის სასტარტო ხუთეული დააყენა, რომლითაც თამაში ტალინში დაიწყო. პირველი წუთიდან მოედანზე ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, თად მაკფადენი და გიორგი შერმადინი გავიდნენ.
ქართველი კალათბურთელებისთვის მძიმედ მიმდინარე მატჩში გარდატეხა მე-2 მეოთხედის შუაწელს მოხდა, როდესაც ლევან ფაცაციამ, გოგა ბითაძემ, თად მაკფადენმა და გიორგი ცინცაძემ მიჯრით 4 სამქულიანი ჩააგდეს და ჩვენი გუნდი 26:17 დაწინაურდა.
მე-3 მეოთხედის საწყის წუთებში საქართველოს ნაკრები უპირატესობას ინარჩუნებდა, თუმცა შემდეგ სიტუაცია ისევ აირია და ქართველი კალათბურთელები კვლავ ქაოსურ შეტევებზე გადავიდნენ. ბურთი არ მოძრაობდა, შესაბამისად, ბევრი იყო მოუმზადებელი შეტევა.
დასკვნითი მეოთხედი და ოვერტაიმი ნამდვილ ნერვების წყვეტად იქცა. საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტად მაშინ გაუჭირდა, როდესაც 52:56 ჩამორჩა, თუმცა აქ კვლავაც შორეულმა ტყორცნებმა იხსნა გუნდი.
ჩამორჩენა მოგვიანებით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელებულმა გოგა ბითაძემ (საბოლოო მონაგარი 18 ქულა, 7 მოხსნა) შეამცირა, შემდეგ კი ზედიზედ 2-ჯერ ჩვენი ნაკრების ნატურალიზებულმა უკანახაზელმა თად მაკფადენმა გვასახელა, რომელსაც მანამდე მხოლოდ 3 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.
ამგვარად, 10 ტურის თავზე საქართველოს ნაკრებმა 5 გამარჯვება მოაგროვა და მე-3 ადგილზე მყოფ სერბეთს გაუტოლდა. შეგახსენებთ, რომ ჩინეთში თამაში უკვე განაღდებული აქვთ საბერძნეთსა და გერმანიას, მთავარი ბრძოლა კი მე-3 გამსვლელი ადგილისთვის მიდის და სასიხარულოა, რომ აღნიშნულში საქართველოს ნაკრები ჯერაც ჩართული გახლავთ. ილიას ზუროსის შეგირდები საკვალიფიკაციო ციკლის დასკვნით ორ მატჩს უკვე გაისად ჩაატარებენ: 21 თებერვალს საქართველო საბერძნეთში ითამაშებს, ხოლო 24-ში ესტონეთთან საშინაო შეხვედრაა დაგეგმილი.