weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ლივერპული“ მერვედფინალში ითამაშებს

11:26 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბოლო ტური ოთხ ქვეჯგუფში შედგა და მერვედფინალისტთა ვინაობა გაირკვა. პლეი-ოფში ბრძოლას აგრძელებს „ლივერპული“, რომელმაც პრინციპულ მატჩში „ნაპოლის“ დამარცხება შეძლო. სხვა შეხვედრებს შორის აღსანიშნავია B ჯგუფის მატჩებიც.

A ჯგუფში გასარკვევი მხოლოდ ის იყო, მერვედფინალისტ „ატლეტიკოსა“ და „ბორუსიას“ შორის ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს. მადრიდელები ბრიუგეში ჩავიდნენ და ბელგიის ჩემპიონ „ბრიუგესთან“ უგოლო ყაიმი ითამაშეს, დორტმუნდელებმა კი ასევე სტუმრად ბოლოადგილოსან „მონაკოს“ პორტუგალიელი მარცხენაფლანგელის, რაფაელ გერეიროს დუბლით სძლიეს და წინა ტურში დაკარგული პირველი ადგილი დაიბრუნეს.

ბრიუგე - მადრიდის ატლეტიკო 0:0

მონაკო - დორტმუნდის ბორუსია 0:2

რ. გერეირო (15), რ. გერეირო (88).

B ჯგუფში პირველადგილოსანმა უმოტივაციო „ბარსელონამ“ მეორე შემადგენლობა გაიყვანა „კამპ ნოუზე“ ლონდონის „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად „ბარსას“ დამარცხება სჭირდებოდა ან პარალელურ შეხვედრაში „ინტერის“ ფრეც აძლევდა ხელს. ასეც მოხდა, ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 1:1 დასრულდა, რამაც მაურისიო პოჩეტინოს გუნდი პლეი-ოფში გაიყვანა, არასტაბილურ მილანელებს კი ევროპა ლიგის საგზურით მოუწევს დაკმაყოფილება. გეტყვით იმასაც, რომ „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე 29-ე წაუგებელი საშინაო შეხვედრა ითამაშა და ამ მხრივ მიუნხენის „ბაიერნის“ მიღწევა გაიმეორა.

ბარსელონა - ტოტენჰემ ჰოტსპური 1:1

1:0 უ. დემბელე (7) 1:1 ლუკას მოურა (85).

ინტერი - პსვ ეინდჰოვენი 1:1

0:1 ლოსანო (13) 1:1 იკარდი (73).

მთავარი ინტრიგა, ინტერესი და დრამა C ჯგუფში არსებობდა, სადაც სამი გუნდი იბრძოდა მერვედფინალში გასასვლელად. ბოლო ტურში „პარი სენ-ჟერმენის“ ამოცანა იოლი იყო და იოლადაც შეასრულეს - თომას ტუხელის გუნდმა ბელგრადში „ცრვენა ზვეზდა“ დაამარცხა და ქვეჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. პარალელურ შეხვედრაში „ლივერპულს“ შინ მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს, ისიც სასურველი ანგარიშით, კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი „ნაპოლისთვის“ კი ფრეც მისაღები შედეგი იყო პლეი-ოფში გასაძრომად. მერსისაიდელებმა შინაურ კედლებში ჩვეულად შეუტიეს და პირველ ტაიმშივე გაიტანეს. სალაჰის გოლის გარდა იურგენ კლოპის გუნდმა არაერთი მომენტი შექმნა, თუმცა მეორე ბურთის გატანას ვერ ახერხებდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით სცოდავდა სადიო მანე. ნეაპოლიტანელები ძალიან სუსტად გამოიყურებოდნენ, თუმცა ამის მიუხედავად მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში უაღრესად ხელსაყრელი მომენტი მიეცათ და შეცვლაზე შესული არკადიუშ მილიკის ახლო მანძილიდან დარტყმული ბრაზილიელმა მეკარე ალისონმა სასწაულებრივად აიღო. იურგენ კლოპის გუნდისთვის ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა - წითლები მერვედფინალში გავიდნენ, რადგან „ნაპოლის“ ბურთების შეფარდებით აჯობეს, იტალიური კლუბი კი ევროპა ლიგაზე გადაერთვება.

ცრვენა ზვეზდა - პარი სენ-ჟერმენი 1:4

0:1 კავანი (10) 0:2 ნეიმარი (40) 1:2 გობელიჩი (56) 1:3 მარკინიოსი (74) 1:4 მბაპე (90+2).

ლივერპული - ნაპოლი 1:0

სალაჰი (34).

მოსაწყენ D ჯგუფში გასარკვევი მხოლოდ ევროპა ლიგის საგზურის მფლობელი იყო. საამისოდ სოლომონ კვერკველიას „ლოკომოტივს“ სტუმრად „შალკე“ უნდა დაემარცხებინა, „გალათასარაის“ კი „პორტოსთან“ ვერ უნდა მოეგო. სტამბოლურმა კლუბმა მართლაც წააგო პირველადგილოსან „პორტოსთან“, თუმცა მოსკოველი „რკინიგზელები“ გერმანიაში ასევე დამარცხდნენ და კვლავ ბოლო ადგილზე დარჩნენ. საბა კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა.

გალათასარაი - პორტო 2:3

0:1 ფელიპე (17) 0:2 მარეგა (43 პ.) 1:2 ფეღული (45+1 პ.) 1:3 ს. ოლივეირა (57) 2:3 დერდიოკი (65).

შალკე 04 - მოსკოვის ლოკომოტივი 1:0

შიოპფი (90+1).

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ოთხ ქვეჯგუფში გაიმართება მეექვსე ტურის დარჩენილი რვა შეხვედრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]