E ჯგუფში ყველაზე სანახაობრივი, დაძაბული და უხვგოლიანი მატჩი შედგა. ქვეჯგუფის ორი ლიდერი, „აიაქსი“ და „ბაიერნი“ ერთმანეთს ამსტერდამში შეხვდნენ. მასპინძლებს მოგება სურდათ, რათა პირველი ადგილი დაეკავათ, ბავარიულ გრანდს კი ფრეც აძლევდა ხელს პირველ ადგილზე დასარჩენად. წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ „აიაქსმა“ მეორე ნახევარში გათანაბრება და წინ გასვლა შეძლო, ამ ყველაფერს წინ უძღოდა ორივე გუნდიდან თითო ფეხბურთელის გაძევებაც, თუმცა როგორც კი ამსტერდამელებმა ჩათვალეს, რომ შეხვედრა მოგებული ჰქონდათ, პენალტი უაზროდ წამოიკიდეს და რობერტ ლევანდოვსკიმაც მატჩის მიწურულს დუბლი გაიფორმა. ეს კიდევ არაფერი, სამ წუთში კინგსლი კომანმა მოჭრილი დარტყმით წინ გაიყვანა სტუმრები, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში „აიაქსმა“ შეუტია და ნიკოლას ტალიაფიკოს გოლით საბოლოოდ მაინც ლოგიკური ფრე მივიღეთ. პარალელურ შეხვედრაში „ბენფიკამ“ მინიმალური სხვაობით სძლია „აეკს“, რომელიც მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ყველაზე სუსტი გუნდი გახდა - ათენელებმა ექვსივე მატჩი წააგეს.
აიაქსი - ბაიერნი 3:3
0:1 რ. ლევანდოვსკი (13) 1:1 დ. ტადიჩი (61) 2:1 დ. ტადიჩი (82 პ.) 2:2 რ. ლევანდოვსკი (87) 2:3 კომანი (90) 3:3 ტალიაფიკო (90+5).
ბენფიკა - აეკ 1:0
გრიმალდო (88).
საინტერესო შეხვედრები გაიმართა F ჯგუფში, სადაც „მანჩესტერ სიტის“ გარდა პლეი-ოფში გასვლის პრეტენზიას ორი გუნდი აცხადებდა, ერთი კი მესამე ადგილის დაკავებასა და ევროპა ლიგაზე გადართვას ცდილობდა. დონეცკის „შახტარი“ და ლიონის „ოლიმპიკი“ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე სწორედ მერვედფინალის საგზურისთვის შეებნენ ერთმანეთს. უკრაინულ კლუბს საამისოდ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა და ანგარიშიც გახსნა, თუმცა ფრანგებმა მეორე ტაიმში გაათანაბრეს და სასურველ ფრეს მიაღწიეს. „შახტარის“ ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ პირველი ტაიმი ითამაშა, შესვენებისას კი შეცვალეს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ლიონმა“ პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ ხუთივე შეხვედრა ფრედ ითამაშა. აუტსაიდერ „ჰოფენჰაიმს“ სტუმრად პეპ გვარდიოლას გუნდის დამარცხება სურდა, ასევე უნდოდა „შახტარს“ წაეგო, რათა მესამე ადგილზე აენაცვლა, თუმცა პენალტით დაწინაურებულ გერმანულ გუნდს „სიტის“ გერმანელმა შემტევმა ლეროი სანემ დუბლი შეუსრულა და „ქალაქელებს“ ლიდერობა განუმტკიცა. განსაკუთრებული სილამაზის გამოდგა სანეს პირველი გოლი, რომელიც მან შორეული საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა.
დონეცკის შახტარი - ლიონის ოლიმპიკი 1:1
1:0 ჟუნიორ მორაესი (22) 1:1 ფეკირი (65).
მანჩესტერ სიტი - ჰოფენჰაიმი 2:1
0:1 კრამარიჩი (16 პ.) 1:1 სანე (45+1) 2:1 სანე (61).
G ჯგუფის შეხვედრები სხვებზე ადრე გაიმართა და აუტსაიდერი გუნდების გამარჯვებით დასრულდა. „რეალი“ და „რომა“ უკვე შემდეგ ეტაპზე იყვნენ და თავი დიდად არ შეუწუხებიათ, თუმცა მადრიდელთა საშინაო მარცხი, თანაც სამბურთიანი სხვაობით, მაინც იმსახურებს საყოველთაო კრიტიკას - მოსკოვის არმიელთა ცენტრალურმა კლუბმა მოქმედ გამარჯვებულ გუნდს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ორივე შეხვედრა მოუგო. საშინაო მატჩი მოიგო პლზენის „ვიქტორიამ“ - სამივე გოლი მეორე ტაიმის ათწუთიან მონაკვეთში გავიდა და ამ გამარჯვებით ჩეხურმა კლუბმა ევროპა ლიგის საგზური გაიფორმა.
რეალი - მოსკოვის ცსკა 0:3
ჩალოვი (37), შჩენიკოვი (43), ა. სიგურდსონი (73).
ვიქტორია პლზენი - რომა 2:1
1:0 კოვარიკი (62) 1:1 ჯენგიზ უნდერი (68) 2:1 ხორი (72)
ანალოგიური რამ მოხდა H ჯგუფშიც, სადაც ასევე გარკვეული იყო გამსვლელ-დამრჩენის ვინაობა. „მანჩესტერ იუნაიტედმაც“ და ტურინის „იუვენტუსმაც“ გასვლაზე დათმეს შეხვედრები, რამაც ქვეჯგუფში არაფერი შეცვალა - „იუვე“ პირველ ადგილზე დარჩა, „იუნაიტედი“ - მეორეზე“, ევროპა ლიგაზე კი „ვალენსია“ ითამაშებს. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ტურნირის დებიუტანტმა შვეიცარიულმა „იანგ ბოიზმა“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი შეხვედრა ფრანგი გიიომ ოაროს დუბლით მოიგო.
იანგ ბოიზი - იუვენტუსი 2:1
1:0 ოარო (30 პ.) 2:0 ოარო (68) 2:1 დიბალა (80).
ვალენსია - მანჩესტერ იუნაიტედი 2:1
1:0 სოლერი (17) 2:0 ჯოუნსი (47 ს.კ.) 2:1 რეშფორდი (87).
მერვედფინალში გასულ 16 გუნდს ორშაბათს კენჭისყრისას ერთმანეთთან დააწყვილებენ.
ამ თემაზე: