მატჩი ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ კოტე ტუღუშის გუნდი 16:10 დაწინაურდა. მეორე მეოთხედში ვითარება არ შეცვლილა. იმერულმა კლუბმა უპირატესობა გაიმყარა და დიდი შესვენებისთვის 17 ქულით – 42:25 დაწინაურდა.
თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა „დინამოელები“ არ დანებდნენ, მესამე პერიოდი 23:17 მოიგეს და გადამწყვეტ ათწუთეულში ქუთაისელებს მოსაგებად შეუტიეს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა თბილისელებმა გუნდური თამაშის წყალობით ჩამორჩენის 4 ქულამდე აღმოფხვრა მოახერხა, თუმცა ქუთაისელებმა მალევე მიითვალეს გასამარჯვებლად აუცილებელი ქულები და სუპერთასის მოგება გაინაღდეს.
„ქუთაისს“ 14 ქულითა და 11 მოხსნით ტერენს თომპსონმა ულიდერა. 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ჯონათან ლიმ, ხოლო ლევან ფაცაციამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. „დინამოში“ 17 ქულით როჯერ დოუელი გამოირჩა, მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.
დიდი შესვენების დროს დაჯილდოვდა გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - ჩემპიონი „დინამოს“ დამრიგებელი ირაკლი ხოშტარია ლეგენდარული ქართველი სპეციალისტის, გიორგი ავალიშვილის სახელობის პრიზით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.
მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ დაჯილდოვებაზე ქუთაისელთა კაპიტან გიორგი ბარბაქაძეს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი ვეტერანმა კალათბურთელმა, კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრმა ნოდარ ქორქიამ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცეს.