გახსნით მატჩში მასპინძელი საამიროების ჩემპიონმა „ალ აინმა“ უხვგოლიან, სანახაობრივ და დრამატულ მატჩში ოკეანეთის ზონის საუკეთესო გუნდი „ტიმ ველინგტონი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც აფრიკის საუკეთესო კლუბს, ტუნისის „ესპერანსას“ შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ახალ ზელანდიური კლუბი სამი ბურთით ამარცხებდა მასპინძელ „ალ აინს“, თუმცა არაბულმა გუნდმა ჩამორჩენა აღმოფხვრა და თერთმეტმეტრიანებშიც იმარჯვა.
მეორე მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „კაშიმა ანტლერსი“ და ჩრდილო-ამერიკის ჩემპიონი „გვადალახარა“ შეხვდებიან, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდი „რეალი“ და ლიბერტადორესის თასის მფლობელი „რივერ პლეიტი“ კი ტურნირში ნახევარფინალიდან ჩაერთვებიან.