weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ციფრებში

14:58 პარასკევი, 14 დეკემბერი 2018

UEFA-ს პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პირველი ეტაპი დასრულდა და მონაწილე გუნდების რაოდენობაც განახევრდა. მერვედფინალისტი წყვილების ვინაობას 17 დეკემბერს წილისყრით შევიტყობთ, მანამდე კი შესაძლებელია, ჯგუფური ტურნირი დავაჯამოთ: რომელმა გუნდმა გაიტანა ყველაზე მეტი გოლი? ვინაა საუკეთესო მერვედფინალისტი და ა.შ.

-1 – „ტოტენჰემ ჰოტსპური“ ერთადერთი მერვედფინალისტია, რომელმაც ქვეჯგუფში ასპარეზობა ბურთების უარყოფითი ბალანსით დაასრულა: 9 გატანილი და 10 გაშვებული.

0 – ათენის „აეკ“-მა ქულაც ვერ მოიპოვა, საბერძნეთის ჩემპიონმა ექვსივე თამაში წააგო.

1 – ევროპის ერთ-ერთმა უმდიდრესმა კლუბმა „მონაკომ“ ჯგუფური ეტაპი ერთადერთი ქულით დაასრულა.

2 – „აეკ“-მა და „მონაკომ“ მხოლოდ ორი გოლი გაიტანეს, რაც ამ სეზონის ანტირეკორდია.

3 – უკანასკნელ ტურში „რეალმა“ შინ 0:3 წააგო მოსკოვის „ცსკა“-სთან. ევროპის საკლუბო ტურნირებში ასპარეზობის ისტორიაში (1955 წლიდან) მადრიდული გრანდი პირველად დამარცხდა შინ 3-ბურთიანი სხვაობით.

4 – „გალათასარაიმ“ ჯგუფი 4 ქულით დაასრულა და სეზონს ევროპა ლიგაზე გააგრძელებს. სტამბოლურმა კლუბმა ყველაზე ნაკლები ქულით გადაინაცვლა რანგით მეორე საკლუბო ტურნირის პლეი-ოფში.

5 – „პორტო“ ერთადერთია, რომელმაც ქვეჯგუფში ამდენი შეხვედრა მოიგო.

6 – გელზენკირხენის „შალკე 04“-ს პლეი-ოფში გასასვლელად ექვსი გოლი ეყო, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია წლევანდელ მერვედფინალისტებს შორის.

7 – მოსკოვის „ცსკა“-მ ორჯერ მოუგო ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ „რეალს“ და ჯგუფური ეტაპი შვიდი ქულით დაასრულა, თუმცა მაინც ბოლო ადგილზე გავიდა.

8 – „პსვ ეინდჰოვენთან“ პირველ ტურში მოგებულ შეხვედრაში (4:0) ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიქი შესრულა. ის ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 8-ჯერ შეძლო ერთ მატჩში სამი გოლის გატანა.

9 – „ნაპოლიმ“ ცხრა ქულა მოაგროვა, თუმცა ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. თავის მხრივ, „ლიონი“ და „ტოტენჰემ ჰოტსპური“ მერვედფინალში ამაზე ნაკლები ქულით (8-8) გავიდნენ.

10 – ჯგუფური ტურნირი ათბურთიანი პლიუსით მხოლოდ ორმა კლუბმა დაასრულა: „ბაიერნმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“.

11 – მიუხედავად იმისა, რომ „ჰოფენჰაიმმა“ ამდენი გოლი შეაგდო, პლეი-ოფში ვერ გავიდა, მეტიც - ჯგუფში ჩარჩა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასულმა ექვსმა კლუბმა კი ჯგუფურ ეტაპზე ამაზე ნაკლები გაიტანა.

16 – ამდენი ქულა ერთადერთმა კლუბმა, „პორტომ“ დააგროვა.

17 – „პარი სენ-ჟერმენმა“ ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. თავის მხრივ, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდამ“ ყველაზე მეტი გაუშვა. პარიზულმა და სერბულმა კლუბებმა ერთ ჯგუფში ითამაშეს და „პარი სენ-ჟერმენმა“ ორ შეხვედრაში 10 გოლი გაუტანა სერბეთის ჩემპიონ გუნდს.

20 – „პორტოს“ მეკარე იკერ კასილასი ერთადერთია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მეოცე სეზონს ატარებს. ტიტულოვანი ესპანელი ფეხბურთელი აქამდე რაიან გიგზთან ერთად ლიდერობდა.

31 – „ჰოფენჰაიმის“ 31 წლის მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია. მოკრძალებული გერმანული კლუბი მან 2016 წლის თებერვალში, 28 წლის ასაკში ჩაიბარა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი გახლავთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]