სანკტ-პეტერბურგში აუტსაიდერი გუნდების შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, შემდეგ ცოტა მოსაწყენი გახდა, თუმცა ტაიმის მიწურულს კამერუნელებმა ზედიზედ რამდენიმე იერიში მიიტანეს ავსტრალიელთა კართან და საწადელსაც მიაღწიეს - მარსელის „ოლიმპიკის“ ნახევარცმველმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგუისამ მეკარეს ერთი შეხებით ოსტატურად გადაუგდო ბურთი თავზე. მეორე ტაიმის სტარტზე „მოუთვინიერებლი ლომების“ ლიდერმა ვენსან აბუბაკარმა უაღრესად ხელსაყრელი მომენტი გააფუჭა, ავსტრალიელთა საპასუხო შეტევისას კი საჯარიმოში წესების დარღვევის გამო დანიშნული პენალტი მარკ მილიგანმა გოლად აქცია. დარჩენილ დროში „ბეშიქთაშელ“ აბუბაკარს კიდევ მიეცა შანსი, თუმცა საჯარიმოში შეჭრილმა ბურთი ძელს გაარტყა.
ამავე ქვეჯგუფის პრინციპული დაპირისპირება ყაზანში შედგა და იგი მიმდინარე ტურნირზე ჯერ-ჯერობით ყველაზე საინტერესო, სანახაობრივი და დაძაბული მატჩი გამოდგა. ამერიკის ჩემპიონმა ჩილეს ნაკრებმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნა - გერმანელი მცველების უყურადღებობის შემდეგ თავი შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ალექსის სანჩესმა გამოიჩინა და თავისი ქვეყნის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა - ლონდონის „არსენალის“ ფორვარდმა ეროვნული გუნდის მაისურით 38-ე გოლი გაიტანა და მარსელო სალასის მიღწევა (37 გოლი) გააუმჯობესა. გოლის შემდეგ სამხრეთ ამერიკელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა ედუარდო ვარგასის გასროლა მეტოქის კარის ხარიხამ მოიგერია. ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე იოახიმ ლიოვის ექსპერიმენტული შემადგენლობით დაკომპლექტებულმა გუნდმა გათანაბრება მოახერხა: ემრე ჯანი-იონას ჰექტორი-ლარს შტინდლის ერთი შეხებით გათამაშებული სამსვლიანი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. მეორე ნახევარში სახიფათო მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.