მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ „ელ ტრის“ ახალ მთავარ მწვრთნელს ყატარში გასამართ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა და საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეული გამოსვლა დაუსახა მიზნად. მექსიკელებისთვის პროგრამა მაქსიმუმი მუნდიალის მეოთხედფინალია, სადაც გუნდი 1986 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. მოგეხსენებათ, მას მერე „აცტეკები“ მუნდიალს მერვედფინალიდან ეთიშებიან. მექსიკის ნაკრები FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-17 ადგილზეა.
ხერარდო მარტინო უკანასკნელ პერიოდში ამერიკულ კლუბ „ატლანტა იუნაიტედს“ წვრთნიდა, რომელთან ერთადაც 2018 წლის MLS-ის გამარჯვებული გახდა.
არგენტინელი მწვრთნელი ასევე მუშაობდა „ბარსელონასა“ და სამშობლოს ნაკრებში, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. შეგახსენებთ, რომ „ალბისელესტეს“ მთავარი მწვრთნელობისას მისმა გუნდმა „კოპა ამერიკას“ ორი ფინალი წააგო.
ტატა მარტინოს წარმატებული სანაკრებო მუშაობა კი პარაგვაის უკავშირდება. ამ ქვეყნის ნაკრები მის ხელში შემტევ ფეხბურთს აჩვენებდა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა. მისივე თავკაცობით პარაგვაიმ 2011 წლის „კოპა ამერიკის“ ფინალი ურუგვაისთან დათმო.
პარაგვაის ნაკრებამდე ხერარდო მარტინო არგენტინულ და პარაგვაულ კლუბებს - „ლიბერტადს“, „სერო პორტენიოს“, „კოლონსა“ და „ნიუელს ოლდ ბოიზს“ წარმატებით წვრთნიდა.