weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მასპინძელი რუსეთი ტურნირს გამოეთიშა: ბრძოლას პორტუგალია და მექსიკა აგრძელებენ

00:57 კვირა, 25 ივნისი 2017

რუსეთში მიმდინარე FIFA-ს კონფედერაციათა თასზე A ჯგუფის მე-3 ტურის მატჩები გაიმართა. მასპინძელი რუსეთის ეროვნული გუნდი მექსიკასთან დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა ქვეჯგუფში დაასრულა, მექსიკასთან ერთად კი ნახევარფინალის საგზური ევროპის ჩემპიონმა პორტუგალიის ნაკრებმა მოიპოვა.

ყაზანში გამართული შეხვედრა სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდმა აქტიურად დაიწყო და მექსიკელთა კართან საგოლე მომენტები შექმნა. ჯერ საჯარიმოში შეჭრილი ვეტერანი იური ჟირკოვი მოცელეს, რა დროსაც მსაჯს პენალტის დანიშვნა შეეძლო, შემდეგ კი ცენტრფორვარდ ფიოდორ სმოლოვის ძლიერი დარტყმული აისხლიტა კარის ძელმა. რუსებმა ანგარიში 25-ე წუთზე მაინც გახსნეს: მორიგ იერიშისას საჯარიმოში შექმნილ არეულ სიტუაციაში აზერბაიჯანული ფესვების მქონე ალექსანდრ სამედოვი კარგად გაერკვა და ზუსტად დაარტყა. მექსიკელებმა ხუთ წუთში გაათანაბრეს - თავური გოლი მცველმა ნესტორ არაუხომ გაიტანა. რუსეთის ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, მექსიკელებს კი ხელს ფრეც აძლევდათ, მიუხედავად ამისა გამარჯვება ამერიკელებმა მოახერხეს - მეორე გოლი იგორ აკინფეევს უცნაურ ვითარებაში „პ.ს.ვ. ეინდჰოვენში“ ახლახანს გადაბარგებულმა 21 წლის ირვინგ ლოსანომ გაუტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მასპინძელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც ორი განზრახ უხეშობის გამო იური ჟირკოვმა ორი ყვითელი და ავტომატურად წითელი ბარათი მიიღო. ანგარიში აღარ შეცვლილა და რუსეთის ნაკრებმაც გათამაშებაში ასპარეზობა მარცხით დაასრულა.

პარალელურად სანკტ-პეტერბუგში მიმდინარე მატჩში პორტუგალია უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდა. კრისტიანო რონალდომ ჯერ თავური დარტყმა მოახვედრა ახალ ზელანდიელთა კარის ხარიხას, შემდეგ კი 33-ე წუთზე პენალტიდან მაინც გახსნა ანგარიში. ოთხ წუთში ელიზეუს გადაცემას „მანჩესტერ სიტის“ ახალწვეულმა ბერნარდო სილვამ შეაგება ფეხი და სხვაობა გაზარდა. მეორე ნახევარში იგივე სურათი გაგრძელდა, მომენტები ჰქონდათ რონალდოსა და „მილანის“ ახალშენაძენ ანდრე სილვას, მაგრამ ორივე შემთხვევაში მეტოქე გუნდის მეკარე სტეფან მარინოვიჩმა იმარჯვა, თუმცა მე-80 წუთზე „უნტერჰახინგის“ გოლკიპერმა იმავე ანდრე სილვას ძლიერ დარტყმულს ვეღარაფერი მოუხერხა. საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შესულმა გუნდის ვეტერანმა ნანიმ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დააფიქსირა - 4:0

ამრიგად, ქვეჯგუფიდან 7-7 ქულით პორტუგალია და მექსიკა გავიდნენ, რომლებიც ნახევარფინალურ პლეი-ოფში იასპარეზებენ. რუსეთმა მხოლოდ სამი ქულის მოპოვება შეძლო, ახალი ზელანდია კი სახლში 0 ქულით ბრუნდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]