ექსპერიმენტული შემადგენლობით დაკომპლექტებულმა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიამ აფრიკის საუკეთესო გუნდს სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე იოლად სძლია. პირველი სახიფათო მომენტი კამერუნელებმა შექმნეს, თუმცა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა დარტყმული ბურთი უკუაგდო, ანგარიში კი „ჰოფენჰაიმელმა“ ქემერ დემირბაიმ გახსნა - აქამდე თურქეთის სხვადასხვა ასაკობრივ ახალგაზრდულ ნაკრებებში მოასპარეზე ნატურალიზებულმა ფეხბურთელმა ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში „მოუთვინიერებელი ლომები“ კაცნაკლულნი დარჩნენ მოედანზე, გერმანიამ კი სხვაობა გაზარდა - ჯოშუა კიმიხის ფლანგიდან ჩაწოდებულს ტიმო ვერნერმა თავი დაუხვედრა და ასევე სადებიუტო გოლი შეაგდო. საპასუხოდ კამერუნმაც თავური გოლით გაქვითა ბურთი - თავი ვენსან აბუბაკარმა გამოიჩინა, მაგრამ სამ წუთში „ლაიპციგელმა“ ტიმო ვერნერმა, რომელიც მოგვიანებით შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ „ბუნდესნაკრების“ თავკაც იოახიმ ლიოვისთვის კამერუნთან შეხვედრა ნაკრებში მუშაობის პერიოდში 150-ე მატჩი იყო.
მოსკოვის „ოტკრიტიე არენაზე“ პარალელურად მიმდინარე ჩილე-ავსტრალიის მატჩში „მწვანე კონტინენტის“ წარმომადგენლებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდათ, ანგე პოსტეკოგლუს გუნდმა ანგარიშიც გახსნა - ტაიმის მიწურულს ჯეიმს ტროიზიმ კონტრშეტევა გოლით დაასრულა, ჩილე კი მარცხისგან შეცვლაზე შესულმა მარტინ როდრიგესმა იხსნა და ამერიკის ჩემპიონებიც ნახევარფინალურ პლეი-ოფში ითამაშებენ.