weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არავისთვის არაფერი ჩამირტყამს, არც ჯაჭვი მჭერია, არც ხელკეტი – გეგა გეგეშიძე

11:04 სამშაბათი, 22 იანვარი 2019
ფოტოზე გეგა გეგეშიძე ფოტოზე გეგა გეგეშიძე

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, რომელსაც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი რკინის ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ მას არავისთვის არაფერი ჩაურტყამს და არც ჯაჭვი ჰქონია, არც ხელკეტი.

ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში გეგეშიძე აცხადებს, რომ 11 იანვარს, სპორტის სასახლეში ჩხუბი არ ყოფილა და ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას.

„ვის წარბი გაუსკდა და ვის თავი გაუტყდა, ეს არც არავის დაუნახავს და პირადად არც მე დამინახავს. ზოგადად ჩემთვის გაუგებარია, ზოგი იძახის, რომ მე ხელკეტი ჩავარტყი, ზოგი იძახის ჯაჭვი ჩავარტყი, ზოგი იძახის, რომ დავჭერი. ასე რომ, ჯერ თვითონ ჩამოყალიბდნენ რა მოხდა.

მე პირდაპირ ვამბობ, არც არავისთვის არაფერი ჩამირტყამს, არც ჯაჭვი მჭერია, არც ხელკეტი და არც არავინ დამიჭრია“, – აღნიშნა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა საგანი ეჭირა ხელში, გეგეშიძემ განაცხადა: „სასაცილო რამ მიჭირავს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ჩვეულებრივად, ჩვენებას მივცემთ. არავის ვემალებით. მე რომ ჩხუბი მდომებოდა, გავცდი დათუნაშვილს - ერთ ძმას, მეორე ძმას. მე რომ ჩხუბი მდომებოდა, დათუნაშვილი იქ არ მყავდა, საჩხუბრად თუ გადავედი, კაცო?“.

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, გეგა გეგეშიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ორგზის ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ 11 იანვარს, სპორტის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს გეგა გეგეშიძემ მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა.

„ჩემსა და ჩემ უახლოეს მეგობარ, რობერტ კობლიაშვილს შორის მიმდინარე ფინალში ორი მსაჯის მიერ ჩემ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მესამემ დაბლოკა, რასაც ჩემი მხრიდან მოჰყვა პროტესტი. კითხვები გამიჩნდა ზემოთ ნახსენებ მსაჯთან. ამის შემდეგ ჩვენს საუბარში ჩაერივნენ ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, ხოლო ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არა აქვთ ჭიდაობის ოჯახთან, თუმცა არიან ხელმძღვანელობასთან დაახლოებულნი, ჩემ ძმას, რომელიც იმ მომენტში ჩემი სეკუნდანტიც იყო, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ უკვე თავად ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაერია ჩხუბში და თავში ორჯერ ჩამარტყა რკინის ბლაგვი საგანი“, – აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი და მოითხოვს, რომ გეგა გეგეშიძემ ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს.

მოგვიანებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სპორტის სასახლში მომხდარი ჩხუბის ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ გეგა გეგეშიძე მოჭიდავეს სახეში ურტყამს. ამ დროს მას ხელში სავარაუდოდ ჯაჭვი უჭირავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით (ძალადობა) აღძრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]