ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში დათუნაშვილმა კომენტარი გააკეთა მოჭიდავეთა ნაწილის იმ მოსაზრებასთან დაკავშირებითაც, რომლის თანახმად, მომხდარი ინციდენტი „მოჭიდავეთა ოჯახში უნდა გარჩეულიყო“ და გეგა გეგეშიძე არ უნდა დაეკავებინათ.
„მე ესეთი ოჯახის არ მწამს, რომ, როდესაც ოჯახის ერთ წევრს უჭირს, მის გვერდით არ დგეხარ, ხოლო შემდეგ ოჯახის მეორე წევრს, რომელსაც ძალაუფლება აქვს, გაუჭირდა და მის გვერდით დგეხარ. მე ესეთ ოჯახში არ ვარ გაზრდილი და ეს არ არის ჩემთვის ოჯახი“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარი ჩხუბის გამო გუშინ, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ გეგეშიძემ ორგზის ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მოჭიდავეთა ნაწილი და ვეტერანი სპორტსმენები გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ. ნაკრების წევრებმა დუშეთში მოსამზადებელი შეკრება მიატოვეს და წუხელ თბილისში, პოლიციის სამმართველოსთან აქციაში მიიღეს მონაწილეობა, დღეს კი აქციას ვაკის ფალავანთა კლუბთან გამართეს. მათი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ოლიმპიადისთვის ემზადებიან, ვარჯიშს მანამდე არ გააგრძელებენ, ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი თავისუფალი არ იქნება.