weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს ფედერაციას და ასევე ქვეყანას – გეგა გეგეშიძე

23:43 ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019

ძალადობაში ბრალდებულმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ განაცხადა, რომ თანამდებობიდან მისი ჩამოშორება არა მხოლოდ ფედერაციას ჩამოაქცევს, არამედ მთელ ქვეყანას. გეგეშიძემ ეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა.

„ჭიდაობის ფედერაცია არასოდეს ასეთი აღიარებული არ ყოფილა. 150 მედლით მეტი გაიცა შარშანწინ, ჩემი პრეზიდენტობის დროს, ვიდრე მთლიანად ოთხი წლის განმავლობაში. ახლა კი შედეგები უფრო გაუმჯობესდა.

მაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, ვატარებ მსოფლიო ჩემპიონატს და ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს ფედერაციას და ასევე ქვეყანას“, – განაცხადა გეგეშიძემ.

მისივე თქმით, ის მოჭიდავეებს არ აშინებს და არც გვერდში დგომისკენ მოუწოდებს: „თუ ვინმეს ვაშინებ, გამოვიდეს ფედერაციიდან და თქვას, რომ დავაშინე. არც გაქცევას ვაპირებ, არც დაშინებას“.

სასამართლომ გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მისი თანამდებობიდან ჩამოშორების თაობაზე. გეგეშიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა. მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს არის ჩანიშნული.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 22 იანვარს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ გეგეშიძემ ორგზის ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

რამდენიმე დღის წინ ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა. მოგვიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ გეგეშიძე დათუნაშვილს სახეში მუშტს ურტყამს. ამ დროს მას ხელში სავარაუდოდ ჯაჭვი უჭირავს, რომელსაც დათუნაშვილის მიმართულებით იქნევს.

გეგა გეგეშიძე უარყოფს, რომ დაპირისპირების დროს ხელში ჯაჭვი ეჭირა, მისივე თქმით, არავისთვის არაფერი დაურტყამს.

გეგა გეგეშიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]