weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭიდაობის ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს, პრივილეგირებული იქნებიო – დათუნაშვილი

12:55 პარასკევი, 25 იანვარი 2019

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონის, ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მას ჭიდაობის ფედერაციიდან არავინ დაკავშირებია. დათუნაშვილის თქმით, მას სასულიერო პირი გაუგზავნეს, რომელიც გაჩუმებას სთავაზობდა.

„მამაო გამომიგზავნეს. მამაო მეუბნებოდა, ზურაბ, ყველანაირად პრივილეგირებული იქნებიო. მე ვუთხარი, რომ ზუსტად ამ პრივილეგიაზე მაქვს პრეტენზია, არ უნდა იყოს ფედერაციაში პრივილეგიები. მამაო ფედერაციის სახელით მოვიდა, რომ მოდი, ზურაბ, გავჩუმდეთ, არ ამოვიღოთ ხმაო (ხმის ამოღების ეშინიათ ალბათ, რომ ეს საზოგადოებამ გაიგოს) და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდაო. მე ვუთხარი – „როგორც მინდა“ რა შუაშია, უნდა იყოს სამართლიანად. ყველა ტურნირზე შენ იქნები პრივილეგირებულიო, შენ წახვალ იქ, შენ წახვალ ევროპის ჩემპიონატზეო...“, – განაცხადა დათუნაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ზურაბ დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს და უკმაყოფილებას გამოხატავს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც გეგეშიძის თანამდებობიდან ჩამოშორების გადაწყვეტილება არ მიიღო. დათუნაშვილის თქმით, საკუთარი სიმართლისთვის სამართლებრივი გზით იბრძოლებს.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 22 იანვარს, ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ გეგეშიძემ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

რამდენიმე დღის წინ ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა. მოგვიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ გეგეშიძე დათუნაშვილს სახეში მუშტს ურტყამს. ამ დროს მას ხელში სავარაუდოდ ჯაჭვი უჭირავს, რომელსაც დათუნაშვილის მიმართულებით იქნევს.

გეგა გეგეშიძე უარყოფს, რომ დაპირისპირების დროს ხელში ჯაჭვი ეჭირა, მისივე თქმით, არავისთვის არაფერი დაურტყამს.

სასამართლომ გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მისი თანამდებობიდან ჩამოშორების თაობაზე. გეგეშიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა. მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს არის ჩანიშნული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]