weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აუდიტი: 2 წელში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის შვილზე ტრანსპორტირებისთვის 29 000 ლარი გაიცა

17:12 შაბათი, 26 იანვარი 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016-2017 წლებში ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე, საერთო ჯამში სატრანსპორტო მომსახურებისთვის ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ 32 338 ლარი დახარჯა, საიდანაც ფედერაციის პრეზიდენტის შვილზე 28 987 ლარი გაიცა.

ანგარიშის მიხედვით, გარკვეულ შემთხვევებში გაურკვეველია, როგორ ხდებოდა სატრანსპორტო მომსახურების თანხების დადგენა.

„საბანკო ანგარიშის ამონაწერების შესაბამისად, 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე სატრანსპორტო მომსახურების სახით სხვადასხვა ფიზიკურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე სულ გაცემულია 32 338 ლარი. აქედან, პრეზიდენტის ახლო ნათესავზე − (შვილი) 28 987 ლარი.

თითოეული ტურნირის ხარჯები მუნიციპალიტეტების მიხედვით, განსხვავებულია და მერყეობს 200-დან 900 ლარამდე. ხელშეკრულებების შესაბამისად, განსაზღვრული სატრანსპორტო მომსახურების ტარიფების დადგენისა და გაანგარიშების დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, გაურკვეველია რა მეთოდებით, რა მონაცემების გათვალისწინებით და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ხდებოდა რეგიონების მიხედვით სატრანსპორტო მომსახურების თანხების დადგენა“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, 2016-2017 წლებში ფედერაციის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად − მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებული იყო პრეზიდენტის შვილი, რომლის შრომის ანაზღაურებამ ამ პერიოდში შეადგინა 25 375 ლარი (ყოველთვიური ხელფასი 1250 ლარი იყო).

„შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული არ იყო ე.წ. „მონიტორინგის“ ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული საქმიანობა. აუდიტორული პროცედურებით ვერ იქნა მოპოვებული რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შესამოწმებელ პერიოდში მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელების ფაქტს“, − ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

2013 წლიდან ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილია. როგორც მან „რეგინფოსთან“ განმარტა, ტრანსპორტირების თანხა მისი შვილის ანგარიშზე ირიცხებოდა, თუმცა ფული შეჯიბრებებისა და ტურნიერების დროს ფედერაციის სხვა წარმომადგენლების, მსაჯების და მუსიკოსების ტრანსპორტირებასაც ხმარდებოდა. რაც შეეხება ხელფასს, გელა ბერუაშვილის თქმით, მისი და მისი შვილის ხელფასებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფედერაციისთვის გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა და ანაზღაურებას „ქართუ“ ფონდიდან იღებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]