რეგისტრაცია შესაძებლებელია ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
Wings for Life World Run უნიკალური საქველმოქმედო მარათონია. ამ დღეს ერთად დარბიან პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს. მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს.
Wings for Life World Run-ს არ აქვს განსაზღვრული სარბენი მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. სტარტიდან 30 წუთის შემდეგ ე.წ. „ფინიშის მანქანა“ 14 კმ/ს სიჩქარით დაიწყებს მოძრაობას და მაქსიმალურ სიჩქარეს 34კმ/სთ-ში განავითარებს. გასულ წლებთან შედარებით, „ფინიშის მანქანა“ სიჩქარეს ყოველ ნახევარ საათში მოუმატებს (15:30-14კმ/სთ, 16:00-15კმ/სთ,16:30-16კმ/სთ, 17:00-17კმ/სთ; 17:30-18კმ/სთ, 18:00-22კმ/სთ;18:30-26კმ/სთ,19:00-30კმ/სთ; 19:30-34კმ/სთ). რბენის შედეგები კი ავსტრიის ქალაქ ზალცბურგიდან გაკონტროლდება. მონაწილებს და მათ გულშემატკივრებს რეალურ დროში შეეძლებათ საკუთარი შედეგის ნახვა ვებგვერდზე.
მსოფლიო რბენის 2 ლოკალური გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2020 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ირბენენ.
2019 წელს მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩებად დასახელდნენ: ვიცე-პოლკოვნიკი ბესარიონ ღუდუშაური - ცხინვალში 2008 წლის საომარი მოქმედებებისა და 2013-2014 წლების ავღანეთის სამშვიდობო მისიების მონაწილე, ბალტიისპირეთის ქვეყნებში თავდაცვის ატაშის მოადგილე, კანადასა და ავსტრალიაში გამართული „Inviqtus Games“-ის ორგზის ოქროს მედლის მფლობელი; კაპრალი გიორგი ჯაბახიძე - მე-4 მექანიზებული ბრიგადის მოსამსახურე, 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილე, 2017-2018 წლებში „Inviqtus Games“-ის ორგზის ოქროს მედლის მფლობელი; მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანი - რომელმაც გასული წლის ზაფხულში 9-თვის ჩვილი გამოიყვანა ხანძრიდან; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ნომინანტი.