გივი მაჭარაშვილი ევროპირველობაზე ახალგაზრდებს შორის კონტინენტის ვერცხლის პრიზიორის რანგში ჩავიდა - შარშან მიზნამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, ამჯერად კი პირველიდან ბოლო შეხვედრამდე ბრწყინვალედ იჭიდავა და უმაღლეს ტიტულსაც ერთი ამოსუნთქვით დაეუფლა. დორტმუნდში ფინალის გზაზე მაჭარაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიცილა: ბერძენი დიმიტრის აკრიტიდისი ორწუთნახევარში აშკარა უპირატესობით (14:2) დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს 15:7 მოუგო, ნახევარფინალში კი თურქი იბრაჰიმ ჩიფჩი დაამარცხა (14:5).
საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ედემ ბოლქვაძე (60 კგ) და ნიკა კენჭაძეც (74 კგ) ჩაებნენ და ორივემ მედალი მოიპოვეს. კენჭაძე ევროპოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდა, ბოლქვაძემ კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. შედეგად, ქართული გუნდის პირველი დღის მონაგარი სამივე სინჯის თითო მედალია.
ედემ ბოლქვაძე ძირითად ბადეში მაკედონიელი ელმედინ სეიფულაუს (8:0), პოლონელი ბარტოშ სტავინოგასა (10:0) და თურქი უთქუ დოღანის (8:7) ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში ბოლო წამებზე დამარცხა უკრაინელ ანდრეი იაცენკოსთან (7:8). რეპეშაჟის ფინალში კი რუმინელ შტეფან იონუც კომანს 5:1 სძლია.
ნიკა კენჭაძეს პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად რუსეთის ნაკრების წევრის, რუსტამ მაგომედოვის ძლევა დააკლდა, საბოლოოდ 2:5 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.