weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუმინეთის წინააღმდეგ „ბორჯღალოსნების“ რაზმი ცნობილია

11:59 პარასკევი, 08 თებერვალი 2019

საქართველოს სარაგბო ნაკრების სამწვრთნლო შტაბმა დაასახელა იმ მოთამაშეთა ჩამონათვალი, რომლებიც 2019 წლის პირველ შეხვედრაში, რუმინეთის წინააღმდეგ მიიღებენ მონაწილეობას. „ბორჯღალოსანთა“ შემადგენლობაში სამი დებიუტანტი იქნება.

ფორვარდები:

შერკინების პირველ ხაზში ორი ახალბედა ბურჯია, რომლებმაც „ბორჯღალოსანთა“ რიგებში პირველად ნოემბერში ითამაშეს. მარცხენა ბურჯად გურამ გოგიჩაშვილს ვიხილავთ (1 მატჩი), მარჯვნივ ბექა გიგაშვილი (2 მატჩი) იდგება, ხოლო კვაჭი გამოცდილი შალვა მამუკაშვილია (61 მატჩი).

მეორე ხაზში გამოცდილ გიორგი ნემსაძეს, რომელსაც ნაკრების ამ შემადგენლობაში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული (85 მატჩი), დებიუტანტი დავით გიგაური შეუწყვილდება. 24 წლის მეორეხაზელი რუმინეთის სუპერლიგის „ბუქარესტში“ თამაშობს, მოწინააღმდეგეებს კარგად იცნობს და ნაკრების მწვრთნელთა თვალთახედვის არეში ახლახანს მოხვდა.

ერთი დებიუტანტი იწყებს მესამე ხაზში - ბექა საღინაძე, მეორე ფლანკერი გიორგი ცუცქირიძეა (13 მატჩი), ხოლო შემკვრელი ნოემბრის მატჩების მსგავსად ბექა გორგაძე (14 მატჩი) მოგვევლინება.

შერკინების მარქაფაში დებიუტანტია ახალგაზრდა კვაჭი, 18 წლის ვანო კარკაძე, რომელიც გუნდს ტრავმირებული გიორგი ხუროშვილის ნაცვლად შეუერთდა. კარკაძემ შარშანდელ და შარშანწინდელ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალებში, საფრანგეთს თითო-თითო ლელო გაუტანა.

ბურჯებად შეცვლაზე თორნიკე მატარაძე (6 მატჩი) და გამოცდილი ლევან ჩილაჩავა (43 მატჩი) შევლენ, მეორე ხაზს ნოდარ ჭეიშვილი (18 მატჩი) გააძლიერებს, ხოლო მესამეს გიორგი თხილაიშვილი (46 მატჩი).

ხაზი:

ღერძი ისეთივე იქნება, როგორიც ნოემბრის ტესტებზე იყო: 9 ნომრად ახალგაზრდა ვასილ ლობჟანიძე იწყებს, რომელიც რუმინეთთან მე-40 კეპს მოიხვეჭს, ხოლო მგეზავად კიდევ უფრო ახალგაზრდა 19 წლის თედო აბჟანდაძეს ვიხილავთ, რომელსაც სანაკრებო დებიუტი ნოემბერში სამოასთან ჰქონდა და მერე ტონგას წინააღმდეგ ითამაშა.

ცენტრში გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე (60 მატჩი) და გიორგი კვესელაძე (14 მატჩი) შეწყვილდებიან, ფულბეკად კი ნოემბრის თიბისი სერიების მსგავსად ლაშა ხმალაძე მოგვევლინება და 70-ე კეპს მოიხვეჭს. ფრთებზე გამოცდილი სანდრო თოდუა (75 მატჩი) და ზურაბ ძნელაძე (4 მატჩი) დადგებიან, რომელმაც შემოდგომაზე ნაკრების სამივე თამაშში მიიღო მონაწილეობა და მწვრთნელებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

9 ნომრის მარქაფაშია გელა აფრასიძე (11 მატჩი), ხოლო ხაზში მირიან მოდებაძე (3 მატჩი) და გიორგი აფციაური (22 მატჩი) გამოჩნდებიან, რომელთაც დიდი ხანია „ბორჯღალოსანთა“ მაისურით აღარ უთამაშია: მოდებაძემ სამივე კეპი 2017 წლის ნოემბერში მოიხვეჭა, ხოლო აფციაური ნაკრებს 2016 წლის ნოემბრის შემდეგ უბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ წლის პირველ შეხვედრას საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 9 თებერვალს, საქართველოს დროით 16 საათზე ქალაქ კლუჟში გამართავს. ტრადიციულად, ამ დღეს გათამაშდება რუმინეთთან საზიარო ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი, მატჩი კი ორ ქვეყანას შორის სამსაუკუნოვან ურთიერთობას მიეძღვნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]