„წითელი ეშმაკები“ და „პსჟ“ აქამდე არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს. ორი თვის წინ, როდესაც წილისყრა შედგა, ბევრმა გულშემატკივარმა თუ სპეციალისტმა ფავორიტად პარიზული კლუბი მიიჩნია, თუმცა ასე გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, რადგან „იუნაიტედმა“ მწვრთნელი გამოიცვალა და ულე გუნარ სულშერის ხელში სულ სხვანაირად ათამაშდა, თომას ტუხელის გუნდმა კი ნეიმარი, ედინსონ კავანი და ტომა მენიე ტრავმების გამო დაკარგა.
მეორე მერვედფინალური მატჩი შედარებით ნაკლებ ინტერესს იწვევს. რომა-პორტოს წყვილში ფავორიტის დასახელება ასევე რთულია. სერჟიო კონსეისაოს გუნდი რომს დანაკლისით ეწვია, რადგან გუნდის საუკეთესო ბომბარდირი მუსა მარეგა ტრავმირებულია. არ ულხინთ რომაელებსაც, რომელთაც ძირითადი კიპერი რობინ ოლსენი ჰყავთ დაშავებული. მის გარდა ტრავმირებულნი არიან: პატრიკ შიკი, ჯენგიზ იუნდერი და დიეგო პეროტი.
ორივე შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება, ხვალ კი ზუსტად იგივე დროს აიაქსი-რეალი და ტოტენჰემი-დორტმუნდი გაიმართება.