დონეცკის „შახტარმა“, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი დავით ხოჭოლავა გამოდის, ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ხარკოვში გამართული შეხვედრა ყაიმით დაასრულა. ხარკოვის „მეტალისტზე“ სტუმრები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ: ავსტრიელმა მარტინ ჰინტერეგერმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, თუმცა „შახტარმა“ სამ წუთში მარლოსის პენალტით გაათანაბრა, რასაც ტარას სტეპანენკოს გაძევება მოყვა. კაცნაკლულ დონეცკელებს მეორე ნახევრის დასაწყისში მეორე გოლი სერბმა ფილიპ კოსტიჩმა გაუტანა, „მეშახტეებმა“ კი დანაკლისის მიუხედავად მაინც მოახერხეს გათანაბრება - თავი ბრაზილიელმა ტაისონმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შეხვედრა ხოჭოლავამ შეუცვლელად ჩაატარა.
ევროპა ლიგაზე ლევან ხარაბაძის დებიუტი შედგა. 19 წლის ქართველმა „ციურიხის“ შემადგენლობაში „ნაპოლის“ წინააღმდეგ ითამაშა. შვეიცარიულმა გუნდმა, რომელსაც ახლო წარსულში ცნობილი შვეიცარიელი ფეხბურთელი ლუდოვიკ მანინი წვრთნის, შინ 1:3 წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. ქართველმა მცველმა კი, რომელიც ციურიხელთა რიგებში თბილისის „დინამოდანაა“ განათხოვრებული, ფავორიტ ნეაპოლელებთან მატჩში 90 წუთი გაატარა მინდორზე.
ევროპა ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო შეხვედრები 21 თებერვალს გაიმართება.