weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზურაბ დათუნაშვილი: მიტოვებენ მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებას - წავიდე ქვეყნიდან

12:46 კვირა, 24 თებერვალი 2019

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონის, ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა მისთვის უშედეგოდ დასრულდა, რადგან ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გეგა გეგეშიძის გადადგომის საკითხი არ განუხილავთ. დათუნაშვილის თქმით, ამის გამო იძულებულია, ქვეყნიდან და შესაბამისად, საქართველოს ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღოს.

მოჭიდავე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ პრეზიდიუმი ორი საათის განმავლობაში ცდილობდა მის დარწმუნებას, ფედერაციის პრეზიდენტთან შერიგებულიყო.

„ბოდიში თავად გეგა გეგეშიძემაც მოიხადა. მე აღვნიშნე, რომ მის ბოდიშს არ ვიღებ და მან ჩადენილი საქციელის გამო თანამდებობის დატოვებით უნდა აგოს პასუხი. მისი სინანული მთლიანად ეფუძნება სკამის შენარჩუნების მცდელობას, ასე რომ არ იყოს გადადგებოდა და ისე მოიბოდიშებდა, რასაც მეც, ბუნებრივია, მივიღებდი. მე ასევე მივიღებდი ბოდიშს ინცინდენტის შემდეგვე, თუნდაც მეორე-მესამე დღეს, თუმცა, ის არათუ ნანობდა რამეს, არამედ მას შემდეგაც, რაც საზოგადოებამ ყველაფერი გაიგო, კვლავ უარყოფდა. შესაბამისად, ეჭვი არ მეპარება, რომ მისი დღევანდელი ბოდიში თანამდებობის შენარჩუნებისთვისაა ნათქვამი და ცინიკურია“, - ამბობს მოჭიდავე.

ზურაბ დათუნაშვილის თქმით, მან პრეზიდიუმს განუცხადა, რომ გეგა გეგეშიძესთან მუშაობა არ შეუძლია და მზად არის წავიდეს ქვეყნიდან, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დისკვალიფიკაცია მისცენ. დათუნაშვილის განცხადებით, ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები მზად არიან იმსჯელონ ქვეყნიდან მის წასვლაზე, „ოღონდ არავითარ შემთხვევაში, ვერსიის დონეზეც არ განიხილონ გეგასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი“.

„ამ თემის წამოწევით, ცდილობენ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს მე მსურს ქვეყნიდან წასვლა, რეალურად კი ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახელით ასპარეზობას იმ შემთხვევაში არ გავაგრძელებ, თუ გეგეშიძე არ გადადგება, ხოლო თუ ის და მისი გარემოცვა ჩამოსცილდება ფედერაციას, სადმე წასვლას აზრადაც არ გავივლებ.

მათ არ უნდათ, რომ გეგას უფლებამოსილება შეუჩერონ, ამაზე არც მსჯელობენ. შესაბამისად, მიტოვებენ მხოლოდ ერთ, ჩემთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას - წავიდე ქვეყნიდან.

თუ საქართველოდან წავალ, შეუძლიათ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მომცენ და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობას ვერცერთი ქვეყნის სახელით ვერ შევძლებ, თუმცა თუ მეტ გზას არ დამიტოვებენ, ჩემი სიმართლისთვის ესეც მიღირს და ამისთვისაც მზად ვარ“, - ამბობს ზურაბ დათუნაშვილი.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა გუშინ, 23 თებერვალს გაიმართა. სხდომის პარალელურად გეგა გეგეშიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა. როგორც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ედიშერ მაჩაიძემ განაცხადა, მათ ზურაბ დათუნაშვილს ყველანაირი პირობა შეუქმნეს იმისთვის, რომ დაფიქრდეს და ისე გადაწყვიტოს, სურს თუ არა საქართველოს ნაკრებში ასპარეზობა.

 

ამ თემაზე:

გეგა გეგეშიძემ თვალებში შეხედა ზურას და მოინანია – ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]