მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს და საწყისი ათწუთეულის მერე 6-ქულიანი უპირატესობაც მიიღეს, თუმცა ესტონელებმა მეორე პერიოდში დაცვაშიც დიდებულად ითამაშეს და შეტევაშიც - დიდ შესვენებაზე ბალტიისპირელთა უპირატესობამ 6 ქულას მიაღწია.
საერთოდ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ამაზე ნათლად მოწმობს ოთხივე პერიოდის შედეგი. მესამე ათწუთეული ქართველთა უპირატესობითა და გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ დასკვნით გადამწყვეტ მეოთხედში ისევ ესტონელებმა ივარგეს. საფინალო სირენამდე 55 წამით ადრე თანაფარდობა იყო (77:77), მაგრამ ხსენებულ მოკლე მონაკვეთში სტუმრებმა შედეგიანად ითამაშეს და თამაშიც მოიგეს - 84:77.
კარგად გამოჩნდა მოკლე სათადარიგო სკამის პრობლემა. ზუროსის გუნდის თამაში ძირითად სამ კალათბურთის მხრებზე გადავიდა, მაშინ როდესაც ესტონეთის ნაკრები სწორედ გუნდური გარჯით გამოირჩეოდა და სწორედ ამის წყალობით მოიგო.
ჩვენი ნაკრების რიგებში საუკეთესო ისევ გიორგი შერმადინი იყო. ქართველმა ცენტრმა 39 წუთში 22 ქულა, 15 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 21 ქულა იყო დუდა სანაძის ანგარიშზე, ხოლო თად მაკფადენა 20 ქულა შეაშველა გუნდს. სწორედ ზემოხსენებული მოთამაშეების ხარჯზე აგროვებდა საქართველოს ნაკრები ქულებს. თავად განსაჯეთ, დანარჩენი მოთამაშეებიდან მხოლოდ გიორგი ცინცაძემ (8), მიხეილ ბერიშვილმა (4) და რატი ანდრონიკაშვილმა (2) მოახერხეს ქულების მოპოვება.
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის ჯგუფი მეოთხე ადგილზე დაასრულა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა.