27 წლის ქართვემა ჩოგბურთელმა საწყის რაუნდებში მე-4 ნომრად განთესილ რუს კარენ ხაჩანოვსა და შეჯიბრის ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონ – ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს, შესაბამისად, 6:4, 6:1 და 6:7 (2:7), 6:4, 6:3 სძლია, მეოთხედფინალში კი მსოფლიოს მე-13 ჩოგანს ვეღარ გაუმკლავდა.
პირველ სეტში ბასილაშვილმა ადრეული ბრეიკი განახორციელა და საქმის ბოლომდე მიყვანა მოახერხა, მეორეში კი 0:5 ჩამორჩა და მართალია, შემდეგ 2 გეიმი მოიგო, საბოლოოდ სეტი 2:6 დათმო.
ყველაზე დრამატული მე-3 გამოდგა, რომელშიც ჩორიჩი 4:1 დაწინაურდა, ბასილაშვილმა წონასწორობა აღადგინა და კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ხორვატი ისევ წინ გავიდა – 5:4.
მომდევნო გეიმში ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც იმარჯვა და 5:5-ზე თამაში წვიმის გამო მცირე ხნით შეწყდა. მეტოქეებმა თითო გეიმი გაცვალეს, ტაი-ბრეიკზე კი ჩორიჩის უპირატესობა აშკარა იყო და 7:1 მოიგო.
მატჩი 2 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა და ჩვენებურს 9 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა მოუგროვდა (ჩორიჩს 10 და 6). ბასილაშვილს პირველ მოწოდებაზე 56%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 65% (35 54-დან) დაასრულა, მე-2 მოწოდებაზე კი 52%-ანი შედეგი (22 42-დან) აღმოაჩნდა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 12-დან მხოლოდ 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 4-ჯერ (7-დან) დათმო.
მიუხედავად მარცხისა, ბასილაშვილისთვის დუბაის ტურნირს მაინც წარმატებულია, რადგან ლაივ-რეიტინგში 1865 ქულა მოუგროვდა და მისთვის სარეკორდო მე-18 ადგილზე იმყოფება.