ახალი არაფერია იმაში, რომ „სამეფო კლუბი“ „პარი სენ-ჟერმენის“ ორი ლიდერის, ნეიმარისა და კილიან მბაპეს გადაბირებითაა დაინტერესებული, თუმცა როგორც ირკვევა, მბაპეს პარიზში დარჩენა აქვს გადაწყვეტილი, ზიდანს კი სულ სხვა ფეხბურთელების ხილვა სურს თავის გუნდში.
გავლენიან გამოცემა As-ის ინფორმაციით, ზიდანის პირველი სამიზნე ედენ აზარია. „ჩელსის“ ლიდერს „რეალის“ სახელს დიდი ხანია უკავშირებენ, თანაც ბელგიელი ვარსკვლავი ლონდონიდან აბარგებაზე ფიქრობს. ზიზუს ინტერესის არეალში ასევე სახელდება „ჩელსის“ ფრანგი შუახაზელი ნ’გოლო კანტე.
ფაქტია, რომ მადრიდელთა ჩავარდნილი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები იგეგმება. არის საუბრები იმაზე, რომ „რეალს“ ვეტერანები - ლუკა მოდრიჩი, გარეთ ბეილი და სერხიო რამოსი დატოვებენ, ახალწვეულებს შორის კი ჰარი კეინი, ქრისტიან ერიკსენი და სხვა ფეხბურთელებიც მოიაზრებიან.