აღსანიშნავია, რომ რუი პედროს გატანილი პენალტი პორტუგალიელთა მხრიდან ერთადერთი დარტყმა იყო ქართველთა კარში, გიორგი ყიფიანის გაწვრთნილი გუნდი კი სათამაშო უპირატესობასაც ფლობდა და უფრო მეტი საგოლე მომენტიც შექმნა, თუმცა უპირატესობა გოლში ვერ ასახა.
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს ჯერ კიდევ მე-9 წუთზე უნდა გაეტანა, როდესაც დონეცკის „შახტარელმა“ გიორგი არაბიძემ ბურთი ცენტრში მოიპოვა, მარცხნივ გიორგი ჩაკვეტაძეს გააყოლა და თბილისის „დინამოს“ 17 წლის ნახევარმცველმაც ტექნიკურად შორეულ კუთხეში სცადა დარტყმა, თუმცა სუსტად გამოუვიდა და მეკარემ იოლად აიღო. მის გარდა გაბრიელ საღრიშვილს ორჯერ შეეძლო საქართველოს დაწინაურება: ჯერ პირველი ტაიმის ბოლოს, მერე კი - შესვენების შემდეგ. აღნიშნულ მომენტებში თავად საღრიშვილმა ვერ იმოქმედა დამაჯერებლად.
19-წლამდელთა ნაკრებმა ტაქტიკურად გამართულად ითამაშა და ჩანდა მწვრთნელის ხელიც, რადგან შარშან შემოდგომაზე გიორგი ყიფიანის გუნდი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, მაგრამ წლეულს პროგრესი სახეზეა.
დასანანი მარცხის შემდეგ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მეორე ტურის შეხვედრას 5 ივლისს შვედ თანატოლებთან თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.
2 ივლისი, გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი, დასწრება: 4 156
საქართველო - პორტუგალია 0:1
საქართველო: ჩოჩიშვილი, მალი, ბურჯანაძე, კობოური, ლაკვეხელიანი, კუცია, სამურკასოვი (ჩოგაძე 74), ჩაკვეტაძე (კვანტალიანი 58), არაბიძე, საღრიშვილი, კოხრეიძე (ქოჩორაშვილი 35).
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
პორტუგალია: დიოგო კოსტა, დალოტი, დიოგო კეიროსი, კონტე, კინა (მიგელ ლუისი 72), რუი პირესი, ჟოაო ფილიპე (პასი 79), ჟედსონ ფერნანდესი, ჟოაო კეიროსი, რაფაელ ლეაო (მესაკე 55), რუი პედრო.
მწვრთნელი: ელიო სოუზა
გოლი: რუი პედრო (66 პ.)
გაფრთხილება: ჩოჩიშვილი, კუცია - რუი პირესი, ჟედსონ ფერნანდესი, ჟედსონ ფერნანდესი, რუი პედრო.
გაძევება: ჟედსონ ფერნანდესი (73)
მსაჯი: დავიდე მასა (იტალია)