საქმე ისაა, რომ „ვალენსიას“ ლოგო ძალიან ჰგავს ცნობილი სუპერგმირის, ბეტმენის ლოგოს. კომიქსების გიგანტი გამომცემელი კი, რომელიც ბეტმენის საავტორო უფლებებს ფლობს, „ვალენსიას“ უჩივის.
100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ ვალენსიამ“ ახალი ლოგოს დიზაინი (იხ. მთავარ ფოტოზე) შექმნა, DC Comics-ის აზრით კი ესპანურმა მხარემ მათი ინტელექტუალური საკუთრება მოიპარა.
„როდესაც ჩვენს გერბზე ღამურა იყო გამოსახული, მაშინ ამერიკაში ჯერ კიდევ ბიზონებს დასდევდნენ“ - ასეთი ლაკონური და დამცინავი პასუხი გასცა კლუბმა ბეტმენის ავტორებს.
მსგავსი საჩივარი ამერიკულმა კომპანიამ 2013 წელსაც შეიტანა „ვალენსიას“ წინააღმდეგ.
ცნობილია, რომ ფრთაგაშლილი ღამურა ქალაქ ვალენსიას სიმბოლოდ დიდი ხანია ითვლება. მისი ისტორია საუკუნეების წინანდელია და ის არაგონის მეფე ხაიმეს უკავშირდება, რომელმაც 1238 წელს, რეკონკისტას დროს, ვალენსია არაბებისგან გაათავისუფლა. ბრძოლის წინა ღამეს მის დროშას ღამურა დააჯდა, რაც ესპანელ მეფეს კეთილ ნიშნად ეჩვენა.