weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევრო 2020: საკვალიფიკაციო ეტაპმა სტარტი აიღო

10:52 პარასკევი, 22 მარტი 2019

ევროპაში კონტინენტის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩები შედგა. პირველ დღეს ოთხ ქვეჯგუფში გამართულ შეხვედრებში რამდენიმე ხმაურიანი და საინტერესო შედეგი დაფიქსირდა.

C ჯგუფის ფავორიტი ჰოლანდია რონალდ კუმანის ხელში შესანიშნავ ასპარეზობას აგრძელებს. „ნარინჯისფერებმა“ როტერდამში იოლად სძლიეს საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეს ერთა ლიგაზე - ბელარუსის ეროვნულ გუნდს. მასპინძელთა რიგებში 4 გოლი გუნდის ლიდერებმა გაიტანეს, მათგან დუბლით გამოირჩა მემფის დეპაი. ამავე ქვეჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიამ შინ ესტონეთს მეორე ტაიმში სძლია.

C ჯგუფი:

ჰოლანდია 4:0 ბელარუსი

ჩრდილოეთ ირლანდია 2:0 ესტონეთი

E ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც ზაგრების „მაქსიმირზე“ იმართებოდა, თითქოს სენსაცია ფიქსირდებოდა, რადგან სტუმარი აზერბაიჯანი რამილ შეიდაევის გოლით ფავორიტ ხორვატიას მე-19 წუთიდან ამარცხებდა, თუმცა ზლატკო დალიჩის გუნდმა ტაიმის მიწურულს გააათანაბრა, ყაიმი კი დიდ ხანს შენარჩუნდა, მაგრამ სენსაცია მაინც არ შედგა და მასპინძლებმა გამარჯვების გოლი ფინიშისკენ გაიტანეს. პარალელურად მიმდინარე მატჩში სლოვაკეთმა საკუთარ მოედანზე უნგრეთს პრინციპული მატჩი მოუგო.

E ჯგუფი

ხორვატია 2:1 აზერბაიჯანი

სლოვაკეთი 2:0 უნგრეთი

პოლონელმა ახალგამომცხვარმა გოლეადორმა კჟიშტოფ პიონტეკმა სანაკრებო დონეზეც მოახერხა თავის გამოჩენა, რადგან G ჯგუფის ფავორიტების მატჩში გატანილი ერთადერთი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა. ეს ყველაფერი ვენაში, ავსტრიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ მოხდა - „მილანის“ ფორვარდი 59-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და ზუსტად 10 წუთში შეძლო გამარჯვების გოლის გატანა. ლოგიკურად მორჩა ამავე ქვეჯგუფის ორი სხვა შეხვედრა: ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების პოტენციურმა მეტოქემ, ჩრდილოეთ მაკედონიამ შინ სუსტი ლატვია დაამარცხა, ქალაქ ჰაიფას სტადიონზე კი ისრაელმა და სლოვენიამ ქულები გაიყვეს.

G ჯგუფი

ავსტრია 0:1 პოლონეთი

ჩრდილოეთ მაკედონია 3:1 ლატვია

ისრაელი 1:1 სლოვენია

ყურადღება მიიპყრო I ჯგუფმა, სადაც ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო: ევროპის პირველობის შესარჩევი ციკლი ყაზახეთში გაიხსნა და მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა - მცირე ხნის წინ, ერთა ლიგაზე საქართველოსთან ორჯერ დამარცხებულმა ყაზახეთმა, ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში მყოფი შოტლანდია სამბურთიანი სხვაობით დაჩაგრა. მიხალ ბილეკის გაწვრთნილი ყაზახები „ასტანა არენაზე“ მე-10 წუთისთვის უკვე ჰანდიკაპით იგებდნენ, მესამე გოლი კი მეორე ტაიმის დასაწყისში იზეიმეს. ქვეჯგუფის მეორე შეხვედრაში კვიპროსმა სან-მარინო დაიბრიყვა, მოგვიანებით კი მთავარი მატჩი ბელგია-რუსეთი დაიწყო. ბრიუსელში, მეფე ბოდუენის სახელობის სტადიონზე მასპინძლები იური ტილემანსის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ ორ წუთში მეკარე ტიბო კურტუამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ ბოლო პერიოდში საკუთარ თავს არ გავს და რუსებს არაფრიდან გოლი აჩუქა. ამის მიუხედავად, რობერტო მარტინესის გუნდმა, რომელიც შეთხელებული შემადგენლობით თამაშობდა, გამარჯვება მაინც მოახერხა - ედენ აზარმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად გარდასახა, თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი დუბლი შეასრულა და გუნდს სოლიდური გამარჯვება გაუფორმა.

I ჯგუფი

ყაზახეთი 3:0 შოტლანდია

კვიპროსი 5:0 სან-მარინო

ბელგია 3:1 რუსეთი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]