შეხვედრა თანაბარი ბრძოლით დაიწყო. გუნდები მოედნის შუაგულის მოსაპოვებლად ბრძოლობდნენ, სადაც ნელ-ნელა შვეიცარიელებმა დაამყარეს კონტროლი, რეალურ სახიფათო მომენტამდე კი საქმე არ მისულა, თუ არ ჩავთვლით 33-ე წუთზე რიკარდო როდრიგესის შესრულებულ საჯარიმოს, როდესაც ბურთმა რიკოშეტით მიმართულება შეიცვალა და ძელს ახლოს ჩაუარა და საპასუხოდ, ზუსტად 10 წუთში ვაკო გვილიასა და ვაკო ყაზაიშვილის კარგი კომბინაციიის შემდეგ ყაზაიშვილის უხეირო დარტყმას, როდესაც ბურთი პირდაპირ მეკარე იან ზომერს მიუვიდა ხელებში.
მეორე ნახევარში შვეიცარია გააქტიურდა და ნათლად გამოჩნდა ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდის სათამაშო დისციპლინა, ფიზიკური მომზადება და ტაქტიკური განსწავლულობა. მსოფლიოს რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფმა „ნეიტრალებმა“ გიორგი ლორიას კარში ორი მარტივი გოლი გაიტანეს და საგოლე მომენტებიც ბევრი შექმნეს, საქართველომ კი ჯამში ცუდად ითამაშა და მარტივი შეფასებით, თავს ზემოთ ძალა არ ეყო.
„ჯვაროსნების“ რეალური შესაძლებლობები 26 მარტს, დუბლინში, ირლანდიის წინააღმდეგ გამოჩნდება. აქვე გეტყვით, რომ კუნძულელებმა სტუმრად გიბრალტარი 1:0 დაამარცხეს.
საქართველო - შვეიცარია 0:2
თბილისი, „დინამო არენა“, მაყურებელი: 50 000
საქართველო (4-1-4-1): ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვერკველია 61); კვეკვესკირი; ყაზაიშვილი, კანკავა, გვილია, ანანიძე (კაჭარავა 83); ქვილითაია (ლობჟანიძე 73).
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
შვეიცარია (4-4-1-1): ზომერი; ლიხტშტაინერი, შერი, აკანჯი, რ. როდრიგესი; ემბოლო (სტეფენი 83), ზაკარია, გ. ჯაკა, ფროილერი (სოვი 89); ცუბერი; გავრანოვიჩი (აიეტი 60).
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი
გოლები: ცუბერი (57), ზაკარია (80).
გაფრთხილება: კანკავა (69), ხოჭოლავა (76), გვილია (90) - გ. ჯაკა (89)
მსაჯი: კრეიგ პოუსონი (ინგლისი)