weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ჯვაროსნები“ ირლანდიასთან მეცხრედ დამარცხდნენ

10:20 ოთხშაბათი, 27 მარტი 2019

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურშიც დამარცხდა. „ჯვაროსნებმა“ ამჯერად ირლანდიასთან სტუმრად წააგეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები არსებობის ისტორიაში ირლანდიასთან გამართულ 10 შეხვედრაში მეცხრედ დამარცხდა.

დუბლინში ვლადიმირ ვაისს გუნდს უჭირდა ბურთის კონტროლი და პრაქტიკულად ვერც ახერხებდა. ირლანდიელთა აქტიურ პრესინგს შედეგი ყოველთვის ქონდა. სწორედ ასეთი პრესინგისას, ჯაბა კანკავას მოედნის ცენტრში დაასწრეს და სწრაფი კონტრშეტევა კინაღამ გოლით დასრულდა, თუმცა 36-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა „ასტონ ვილელმა“ კონორ ჰურიჰეინმა ბრწყინვალედ შეასრულა. შეიძლება მეკარე გიორგი ლორიას დაგვიანებულ რეაქციაზე ან ცუდად მდგარ ცოცხალ კედელზეც საუბარი, მაგრამ დარტყმა მართლაც იდეალური იყო.

სხვათა შორის, გოლამდე 3 წუთი თამაში შეჩერებული იყო, რადგან როგორც დააანონსებული გახლდათ, ადგილობრივმა პუბლიკამ მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადაყარეს ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციისადმი პროტესტის ნიშნად.

საქართველო პირველ ტაიმში პრაქტიკულად უშანსოდ იყო, მაგრამ ბოლო წუთზე ვაკო გვილიას მაინც მართებდა გატანა, როდესაც ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ცუდად დაარტყა, მეკარის მოგერიებულს კი გიორგი ქვილითაიამაც ვერ დაამატა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი შეიცვალა. ირლანდიამ უკან დაიხია და აღარც აქტიურ პრესინგს მიმართავდა. საქართველომ კი ბურთიც გააკონტროლა, თუმცა უნაყოფოდ, სახიფათო მომენტები პრაქტიკულად ვერ შექმნა. არადა, ორჯერ იყო კარგი შეტევის შანსი, მაგრამ ორჯერვე გვილიამ ცუდი გადაცემით შეტევას სიმწვავე დაუკარგა და მომენტებიც გაქრა. ბოლოსკენ საქართველოს მაინც შეეძლო გათანაბრება - ჯაბა კანკავამ ძლიერი გაისროლა და არ გაუმართლა - ირლანდიას ამჯერად მხსნელად ძელი მოევლინა.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ირლანდიის ნაკრები ნამდვილად არაა ის გუნდი, რომელთანაც მოგება არ შეიძლება, მაგრამ „ჯვაროსნებმა“ ნავსი ვერ გატეხეს.

ირლანდია - საქართველო 1:0

დუბლინი, „ავივა სტედიუმი“, მაყურებელი: 48 000

ირლანდია (4-3-3): რენდოლფი; კოულმენი, შ. დაფი, კიო, სტივენსი; ჰურიჰეინი, უელანი, ჰენდრიკი; მაკკლინი, მაკგოლდრიკი (მ. დოჰერტი 81), ბრეიდი (ა. ო’ბრაიენი 74).

მწვრთნელი: მიკ მაკკართი

საქართველო (4-1-4-1): ლორია; კაკაბაძე (ოქრიაშვილი 85), ხოჭოლავა (ხარაბაძე 65), კვირკველია, კაშია; კვეკვესკირი; კიტეიშვილი, კანკავა, გვილია, არველაძე (ყაზაიშვილი 73); ქვილითაია.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლი: ჰურიჰეინი (36).

გაფრთხილება: კანკავა (15), კაშია (33).

მსაჯი: სერდარ გიოზუბუიუქი (ჰოლანდია).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]