შედარებით მეტ ინტერესს იწვევდა ინგლისური დაპირისპირება, რომელსაც „ტოტენჰემის“ განახლებულმა არენამ უმასპინძლა. სტუმარი „მანჩესტერ სიტი“, რომელიც უმრავლესობის აზრით, წყვილში ფავორიტია, სტარტიდანვე მიაწვა მეტოქეს და მე-13 წუთზე პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვა, თუმცა „ქალაქელთა“ მთავარმეგოლე სერხიო აგუეროს შესრულებული თერთმეტმეტრიანი მეკარე უგო ლორისმა მოიგერია. ამის შემდეგ მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ხელთ იგდო უპირატესობა და თითქოს თანაბარ თამაშში შედარებით უკეთ გამოიყურებოდა. უნდა ითქვას, რომ „სიტიმ“ ნამდვილად ვერ ითამაშა ის ფეხბურთი, რასაც ყველა ელოდა, ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ პეპ გვარდიოლას გუნდს თითქოს გარანტირებული ჰქონდა შემდეგ ეტაპზე გასვლა და თავს დიდად არ იკლავდა, „ტოტენჰემი“ კი ცდას არ აკლებდა და საწადელს 77-ე წუთზე მიაღწია, როდესაც საჯარიმოში შეჭრილმა ჰიუნ-მინ სონმა მეკარე ედერსონს დაბალი დარტყმით გაუტანა. მანჩესტერელებმა ვერც დარჩენილ დროში შეძლეს რაიმე ღირებულის შექმნა, გაუგებარი იყო გვარდიოლას დაგვიანებული შეცვლებიც და საბოლოო შედეგიც სრულიად ლოგიკური გამოდგა. ასეა თუ ისე, ყველაფერი განმეორებით მატჩში, მანჩესტერში გადაწყდება.
ტოტენჰემ ჰოტსპური - მანჩესტერ სიტი 1:0
სონი (77).
პარალელურად მიმდინარე მატჩი ლივერპულის „ენფილდ როუდზე“ შედგა. მერსისაიდული გრანდი „პორტოსთან“ ნაბი კეიტას სწრაფი გოლით დაწინაურდა. მასპინძლები გამარჯვებისკენ იყვნენ მომართული და მეორე გოლი ჩვეული, ლამაზი და სწრაფი კომბინაციით გაიტანეს - თავი რობერტო ფირმინომ გამოიჩინა. მიუხედავად ამისა, მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა, იურგენ კლოპის გუნდმა ორბურთიანი ფორა შეიქმნა და განმეორებით შეხვედრაში პორტუგალიას კარგი განწყობით ესტუმრება.
ლივერპული - პორტო 2:0
ნ. კეიტა (5), ფირმინო (26).
დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება: აიაქსი-იუვენტუსი და მანჩესტერ იუნაიტედი-ბარსელონა.