აღსანიშნავია, რომ ლომთაძე ფინალში სომეხ არსენ არუტუნიანს 8:0-ს უგებდა, თუმცა დაახლოებით ორ წუთში ძალა გამოელია და ცხადი გახდა, რომ მეტოქის შეტევებს ვეღარ გაუძლებდა. ეს მით უფრო მოულოდნელია, რომ ქართველ ფალავანს გადამწყვეტი შეხვედრისთვის მოსამზადებლად, ფაქტობრივად მთელი დღე ჰქონდა. საბოლოოდ, სომეხმა მოჭიდავემ 17:11 იმარჯვა.
ამ ფონზე სოლიდურად გამოიყურებოდა კენჭაძე, რომელიც ახალგაზრდულ დონეზე შთამბეჭადავად ჭიდაობდა და უფროსებშიც ჩინებული დებიუტი გამოუვიდა. ავთომ ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში უკრაინელ ვასილ მიხაილოვს შანსი არ დაუტოვა და საქმე ვადაზე ადრე მოუთავა – 12:1.
პეტრიაშვილი ფინალში მარადიულ მეტოქეს, თურქ თაჰა აქგულთან შერკინებას სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდა, ხელს მუხლის ტრავმაც უშლიდა და გამარჯვების შანსი არ ჰქონია – 0:7. მანამდე გენომ უნგრელი დანიელ ლიგეტი (7:4), პოლონელი რობერტ ბარანი (10:2) და უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანოვსკი (3:2) დაამარცხა.
მწითურმა რუს მაგომედ კურბანოვთან ურთულესი ორთაბრძოლა გადაიტანა, შერკინების დასრულებამდე ხუთიოდე წამით ადრე, მეტოქე ორქულიან ილეთზე დააგდო და 3:3-ზე ბოლოს აღებული ქულების წყალობით იმარჯვა. მეოთხედფინალში რუმინელი ადრიან რეკორეანი 7:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონ შარიფ შარიფოვთან (აზერბაიჯანი) 2:8 წააგო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრინჯაოს მედლები ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემაც (97 კგ) დაისაკუთრეს.