ბასილაშვილი მე-12 ნომრად იყო განთესილი, თუმცა უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან ვერაფერი გააწყო. სურათი ქართველი ჩოგბურთელის მატჩებისთვის ტრადიციული იყო: საქართველოს N1 ჩოგანი უფრო მეტს უტევდა, თუმცა შეცდომებიც მრავლად ჰქონდა და ხშირ შემთხვევაში, უნგრელს ქულის ასაღებად დიდად გარჯა არც სჭირდებოდა.
საბოლოოდ, მატჩი ორ საათსა და სამ წუთს გაგრძელდა და ფუჩოვიჩმა 7:5, 3:6, 6:1 მოიგო. ბასილაშვილმა 2 ეისი ჩააწოდა, 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა და პირველ მოწოდებაზე 57%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა. ქართველმა 5 ბრეიკ-პოინტიდან 1 გამოიყენა, ფუჩოვიჩს კი 20 ბრეიკ-პოინტი მიეცა, საიდანაც სათავისოდ 3 დაასრულა.
მონტე-კარლოში მოგვიანებით, ბასილაშვილი ძალებს წყვილთა შეჯიბრშიც სცდის. ის და მოლდოველი რადუ ალბოტი სამხრეთ აფრიკელ რავენ კლაასენსა და ბრიტანელ ჯო სალისბერის გაეჯიბრებიან, რომელთაც მე-8 განთესვა აქვთ.