weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„იუვენტუსის“ საშინაო მარცხი და „აიაქსის“ მორიგი ხმაურიანი გამარჯვება

10:51 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

ამსტერდამის „აიაქსის“ საფეხბურთო ზღაპარი გრძელდება. ერიკ ტენ ჰაგის გაწვრთნილმა ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგას ამჯერად ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ტურინის „იუვენტუსი“ გამოთიშა.

გუნდებს შორის პირველი შეხვედრა, რომელიც ამსტერდამის „იოჰან კრუიფ არენაზე“ შედგა, ფრედ 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში ჰოლანდიურმა კლუბმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ ამ მომენტისთვის ერთ-ერთ ყველაზე შემტევ, შედეგიან, სანახაობრივ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - თავი კვლავ კრისტიანო რონალდომ გამოიჩინა თავურით, ამსტერდამელებმა მალევე გაათანაბრეს და რაც ყველაზე მთავარია, გამარჯვება მეტოქეზე მეტად დაიმსახურეს. „აიაქსი“ გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, წინ გავიდა და კიდევ არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, რასაც ტურინელები ვერაფერს უპირისპირებდნენ, თუ არ ჩავთვლით საჯარიმოში ხელზე ბურთის მოხვედრის საკამათო ეპიზოდს. „იუვეს“ რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა და მისი თამაშიც არ იყო ერთსულოვანი, ერიკ ტენ ჰაგის გუნდს კი მეტი ყურადღება და სიზუსტე რომ გამოეჩინა, უფრო დიდი სხვაობით მოიგებდა შეხვედრას, თუმცა ლაღ ბურთაობას დასჯერდნენ და საფინალო სასტვენამდე საქმე აუღელვებლად მიიყვანეს. ცნობისთვის, ამსტერდამის „აიაქსი“ 1997 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „იუვენტუსი“ კი ნანატრი თასისთვის ბრძოლას გაისამდე დაემშვიდობა.

იუვენტუსი - აიაქსი 1:2

1:0 კ. რონალდო (28) 1:1 ვან დე ბეეკი (34) 1:2 დე ლიგტი (67).

პარალელურად განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩი „კამპ ნოუზე“ გაიმართა, სადაც განწირულ სიტუაციაში მყოფი „მანჩესტერ იუნაიტედი“ იღბალის იმედად თამაშობდა. საწყის წუთებში სწორედ ულე გუნარ სულშერის გუნდს მიეცა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მალევე მასპინძელმა „ბარსელონამ“ სრული სათამაშო უპირატესობა იგდო ხელთ და ლიონელ მესიმ ოთხწუთიან ინტერვალში დუბლიც შეასრულა. არგენტინელის მეორე გოლში მეკარე დავიდ დე ხეას დადანაშაულება შეიძლება, რადგან ესპანელმა გოლკიპერმა ბურთი ხელებიდან გაუშვა. მესის მიმდინარე ლიგაზე 10 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო დაწინაურდა. მეორე ტაიმში მესამე გოლი ფილიპე კოუტინიომ მიითვალა და ერნესტო ვალვერდეს კრებულიც საუკეთესო ოთხეულში იოლად მოხვდა.

ბარსელონა - მანჩესტერ იუნაიტედი 3:0

მესი (16), მესი (20), ფ. კოუტინიო (61).

დღეს კიდევ ორი განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება: პორტო-ლივერპული და მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]