weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას სამივე ქართული გუნდი გამოეთიშა

10:30 პარასკევი, 07 ივლისი 2017

UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირის, ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე სამივე ქართული საფეხბურთო კლუბი გამოეთიშა. პირველ წრეში დამარცხებულმა ქართულმა გუნდებმა განმეორებით შეხვედრებში გამარჯვებები კვლავ ვერ მოახერხეს და ევროტურნირს ნაადრევად დაემშვიდობნენ.

„ტორპედოს“ საპასუხო შეხვედრას ქუთაისში დიდი ინტერესით ელოდნენ და მცირე საფეხბურთო სასწაულის იმედი ჰქონდათ. სლოვაკეთში განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ქომაგთა უმრავლესობამ მარცხის ძირითად მიზეზად ბუნებრივია 16-საათიანი მომქანცველი მგზავრობა დაასახელა. საქართველოს თასის მფლობელებისგან გულშემატკივრები თავდადებულ თამაშსა და მონდომებას ითხოვდნენ, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ქუთათური კლუბი სახლშიც შერცხვა, სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა და „ტრენჩინთან“ ორი მატჩის ჯამში 1:8 წააგო. „ტორპედოს“ მისსავე მოედანზე ნიგერიელმა ჰილარი გონგმა თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა, მის დუბლს შორის კი თავი „ტრენჩინის“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ბერიძემ გამოიჩინა და პირველი შეხვედრის მსგავსად, განმეორებით მატჩშიც გაუტანა ქუთაისელებს.

გამანადგურებელი მარცხი იწვნია ბათუმის „დინამომაც“, რომელიც სტუმრად პოლონეთის ქალაქ ბიალისტოკში „იაგელონიასთან“ პირწმინდად დაიჩაგრა. პირველ მატჩში ქუთაისში 0:1-ზე დამარცხებული ბათუმელები სტუმრად 58-ე წუთამდე ძლივს უძლებდნენ, პირველი გოლის გაშვების შემდეგ კი კაცნაკლულებმა ფარ-ხმალი დაყარეს და ჯამში ოთხი უპასუხო გოლი გაუშვეს.

პირველ მატჩში შინ მინიმალური ანგარიშით (0:1) წაგების გამო დაისაჯა საჩხერის „ჩიხურა“, რომელმაც საპასუხოდ ავსტრიაში ბევრად კარგი ფეხბურთი აჩვენა, ვიდრე ერთი კვირის წინ თბილისში, მაგრამ საშინაო მარცხი ევროპა ლიგიდან გამოვარდნის ფასად დაუჯდა. დასანანია, რომ „ალტახი“ ნამდვილად არ იყო ის გუნდი, რომლის ბარიერის დაძლევაც „ჩიხურას“ არ შეეძლო, რადგან ავსტრიულ გუნდს განსაკუთრებული რამ არც პირველ მატჩში უჩვენებია და არც - საპასუხო შეხვედრაში, თუმცა საჩხერელთა წვრილმანი შეცდომების გამო შემდეგ ეტაპზე „ალტახი“ იასპარეზებს. შეხვედრაში გოლი მოულოდნელად გავიდა: მართალია კუთხური იყო, მაგრამ „ჩიხურას“ ბოსნიელ მეკარე დინო ჰამზიჩს უკეთ გარჯა მართებდა, როდესაც სტანდარტულიდან მოწოდებული ბურთი თავზე გადააფრინდა. მეორე ტაიმში სოსო ფრუიძის გუნდმა ბევრად გამართულად ითამაშა, მაგრამ საკუთარ თავს ვეღარ გადაახტა. 58-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა მაღალი ოსტატობა გამოავლინა, მეტოქე მცველს მაღალ ბურთზე დაასწრო და გაშლილი ფეხით ანგარიში გაათანაბრა. „ჩიხურას“ შანსი გაუჩნდა, 85-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილი საჯარიმოში აღმოჩნდა და დაარტყა, ბურთი გზად მცველს მოხვდა და თითქოს გოლიც გარდაუვალი იყო, მაგრამ მეკარემ სასწაული სეივი განახორციელა და საჩხერელთა იმედიც დასრულდა.

ამრიგად, ევროტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპებს მხოლოდ ერთი ქართული კლუბი, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „სამტრედია“ შემორჩა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვება და 11 ივლისს აზერბაიჯანულ „ყარაბაღს“ სტუმრად შეხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]