მე-10 ტურის მატჩში მატჩის დაწყებისთანავე სტუმრები დაწინაურდნენ - მოედნის ცენტრში, გიული მანჯგალაძის არაზუსტი გადაცემა გიორგი დიასამიძემ ჩაჭრა, დრიბლინგით შეიჭრა მასპინძელთა საჯარიმოში და ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელის, მიხეილ ალავიძის კარი დალაშქრა. მე-18 წუთზე ოგნიენ როლოვიჩმა მეორე გოლი გაუტანა ბათუმელებს და მასპინძლები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, თუმცა სულ მალე ვლადიმერ მამუჩაშვილმა დუბლი შეასრულა და ანგარიშიც გაიქვითა. გარდა ამისა, 37-ე წუთზე პირისპირ გასული ჯოვინო ფლამარიონი თბილისელთა მეკარე ომარ მიგინეიშვილმა წააქცია, პენალტი თავად ბრაზილიელმა შეასრულა, მაგრამ „საბურთალოს“ გოლკიპერმა მისი დარტყმული ბურთი მოიგერია. წარუმატებელი თერთმეტრიანის შემდეგ შესვენებამდე „დინამომ“ მესამე გოლის გატანა მაინც მოახერხა - ნიკოლოზ საბანაძემ ორთაბრძოლა გაგი მარგველაშვილს მოუგო და მასპინძლები წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმში ჩემპიონმა „საბურთალომ“ ცვლილებებით მატჩის შემოტრიალება სცადა და დიდი ძალებით შეუტია „დინამოს“, მაგრამ სწრაფი კონტრიერიში მიიღეს და ჯოვინო ფლამარიონის პასით გაბრიელ რამოსმა საბურთალოელებს მეოთხე გოლი გაუტანა.
ამ გამარჯვებით ბათუმის „დინამომ“ 22 ქულა დააგროვა და „საბურთალოს“ ლიდერობა ჩამოართვა - მოქმედმა ჩემპიონმა 21 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.