პრემიერლ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში „ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა გაიმარჯვა - პლანეტის ყველაზე ძვირადღირებულმა მცველმა „მანჩესტერ სიტის“ შემტევ რაჰიმ სტერლინგს აჯობა.
ცნობისთვის, შარშან ეს ჯილდო ასევე „ლივერპულის“ წევრმა, მოჰამედ სალაჰმა აიღო, სხვადასხვა წლებში კი ამ ნომინაციაში მერსისაიდული კლუბის სხვა ფეხბურთელებსაც გაუმარჯვიათ: ლუის სუარესი (2014), სტივენ ჯერარდი (2006), ჯონ ბარნსი (1988), იან რაში (1984), კენი დალგლიში (1983) და ტერი მაკდერმოტი (1980).
რაც შეეხება PFA-ის სიმბოლურ თერთმეტეულს, აქ რამდენიმე საკამათო კანდიდატია. მაგალითად, მეკარის პოზიციაზე „მანჩესტერ სიტის“ ბრაზილიელი გოლკიპერი ედერსონი დაასახელეს, მაშინ როდესაც მისმა თანამემამულემ, „ლივერპულელმა“ ალისონმა მეტი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა. სიაში მოხვდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შუახაზელი პოლ პოგბაც, რომელმაც, რბილად რომ ვთქვათ, არასტაბილური სეზონი ჩაატარა და ერთი ხანი ძირითად შემადგენლობაშიც ძნელად ხვდებოდა. სიმბოლურში ვერ მოხვდნენ ედენ აზარი (ჩელსი) და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული). უნდა ითქვას ისიც, რომ PFA-ის პრიზის 45-წლიან ისტორიაში, პირველად მოხდა, რომ ნომინანტთა შორის მხოლოდ სამი კლუბის წარმომადგენლები არიან.
მეკარე: ედერსონი (მანჩესტერ სიტი).
მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ენდრიუ რობერტსონი, ვირჯილ ვან დეიკი (სამივე - ლივერპული), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი).
ნახევარცმველები: ფერნანდინიო, ბერნარდო სილვა (ორივე - მანჩესტერ სიტი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი).
თავდამსხმელები: რაჰიმ სტერლინგი, სერხიო აგუერო (ორივე- მანჩესტერ სიტი), სადიო მანე (ლივერპული).