weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

„ლივერპული“ ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს

02:13 ოთხშაბათი, 08 მაისი 2019

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში „ლივერპულმა“ ურთულესი ამოცანა შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბოლომდე ბრძოლა და სტადიონ „ენფილდ როუდის“ სავსე ტრიბუნები მისი ძლიერი მხარეა - წინა კვირას „ბარსელონასთან“ წაგებული თამაშის (0:3) საპასუხოდ იურგენ კლოპის გუნდმა საშინაო შეხვედრა 4:0 მოიგო და ზედიზედ მეორედ გავიდა უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფინალში.

საშინაო მატჩს მერსისაიდელები დიდი დანაკლისით შეხვდნენ - ტრავმის გამო მატჩს მოჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო დააკლდნენ, თუმცა ამას „ლივერპულისთვის“ ფინალში გასასვლელად ხელი არ შეუშლია. თამაში „წითლებისთვის“ ფანტასტიურად დაიწყო - ძირითადში გამწესებულმა დივოკ ორიგიმ სწრაფი გოლით ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, რაშიც მას კატალონიელთა დაცვის ცუდი გარჯა დაეხმარა. „ბარსელონა“ ნელ-ნელა გამოფხიზლდა და საპასუხო იერიშები მიიტანა მეტოქის ნახევარზე. სიტუაციის გამწვავებას ლიონელ მესი ცდილობდა და გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, თუმცა ტაიმი მხოლოდ თანაბარ ბრძოლაში და ორმხრივ შეტევებში დასრულდა.

ტრავმირებული ენდრიუ რობერტსონის ნაცვლად მეორე ნახევარში მოედანზე ჯორჯინიო ვეინალდუმი გამოჩნდა, რომელმაც პრაქტიკულად გადაწყვიტა შეხვედრის ბედი - მან ჯერ 54-ე წუთზე თანაგუნდელის გადაცემას დაუხვედრა ფეხი, ორ წუთში კი დაბნეულ „ბარსელონას“ თავითაც გაუტანა და ორმატჩიან დუელში საერთო ანგარიში გაქვითა. ჰოლანდიელი შუახაზელის დუბლამდე კატალონიელთა გოლკიპერ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს სეივის გაკეთებაც მოუწია. ერნესტო ვალვერდეს შოკირებული გუნდი ფსიქოლოგიურად მოიშალა და ბურთის დაჭერას დიდი ხანი მოუნდა, თუმცა ღირებული ვერაფერი შესთავაზა მეტოქეს, მასპინძლებმა კი ფინიშისკენ მეოთხეც გაიტანეს, როდესაც ეშმაკურად გათამაშებული კუთხურიდან კვლავ ორიგიმ იხეირა და „ენფილდ როუდზე“ შეკრებილი ქომაგები სიხარულისგან გადარია. დარჩენილ დროში „ბარსელონამ“ გაიბრძოლა, თუმცა ვერანაირი გზა და რესურსი ვერ მონახა იმ ერთი გოლის გასატანად, რომელიც ფინალში გასასვლელად სჭირდებოდა. ლივერპულელთა დაცვის ბურჯმა ვირჯილ ვან დეიკმა და მეკარე ალისონმა კარი დაიცვეს და შთამბეჭდავი ე.წ. Come-Back-ით ლიონელ მესი და კომპანია ჩემპიონთა ლიგიდან დაითხოვეს.

ამრიგად, „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს, სულ კი ინგლისური გრანდი ისტორიაში მეცხრედ გავიდა UEFA-ს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ფინალში. იურგენ კლოპის კრებული მადრიდში, 1-ელ ივნისს გასამართ გადამწყვეტ მატჩში ტოტენჰემი-აიაქსის ნახევარფინალურ წყვილში გამარჯვებულს დაელოდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]