წლევანდელი ჩემპიონატის განმავლობაში ეინდჰოვენელები დიდ ხანს იყვნენ პირველ ადგილზე და მათ მორიგ ჩემპიონობას თითქოს წინ არაფერი ედგა, თუმცა ბოლო 6 ტურში ამსტერდამული გრანდი გალიდერდა და კონკურენტს ტიტული დამსახურებულად ჩამოართვა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის თანაბომბარდირები დუშან ტადიჩი (აიაქსი) და ლუუკ დე იონგი (პსვ) გახდნენ 28-28 გატანილი გოლით. ამასთანავე, „აიაქსის“ სერბმა ლიდერმა და მისავე თანაგუნდელმა ჰაქიმ ზიეშმა ჩემპიონატში ყველაზე მეტი, 13-13 საგოლე გადაცემა მიითვალეს.
„აიაქსი“ და „პსვ“ გაისად ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად, შესაბამისად, მე-3 და მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვებიან.
ცნობისთვის, ჰოლანდიური ფეხბურთის ფლაგმანი კლუბი, რომელმაც ამავე სეზონში ჰოლანდიის ტასიც მოიგო, ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში 34-ედ გახდა. შედარებისთვის, ჰოლანდიური ე.წ. დიდი სამეულის (De Grote Drie) დანარჩენ ორ კლუბს - „პსვ ეინდჰოვენსა“ და როტერდამის „ფეიენოორდს“, ჰოლანდიის ჩემპიონობა შესაბამისად, 24-ჯერ და 15-ჯერ აქვთ მოპოვებული