ჩეხებმა მასპინძელ ქართველებზე უკეთ ითამაშეს და მოგება დაიმსახურეს. აშკარა იყო, რომ სტუმართა მწვრთნელ იან სუხოპარეკს მეტოქე გუნდი კარგად ჰყავდა შესწავლილი - უპირველესად, ჭაბუკ „ჯვაროსანთა“ ლიდერების, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი არაბიძის განეიტრალებაზე იზრუნა და წარმატებასაც მიაღწია.
ორივე გოლი ჩეხთა კაპიტან მიხალ სადილეკის ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა. ჯერ ონდრეი შაშინკამ გაიტანა თავით, მერე კი - ლიბორ ჰოლიკმა ფეხით ერთ შეხებაში. ორივე შემთხვევაში მეტოქე ფეხბურთელი თავისუფალი იყო და ცხადია, გიორგი ყიფიანის გუნდისგან მეტი კონცენტრაცია იყო საჭირო.
ჰოლიკის გოლის შემდეგ უსიამოვნო ფაქტი მოხდა - ტრიბუნიდან ბოთლები ისროლეს, მსაჯსაც რაღაც საგანი მოარტყეს და თამაში შეწყდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რაიმე სანქცია თუ მოყვება ქართველი გულშემატკივრის საქციელს.
ამრიგად, A ჯგუფიდან ნახევარფინალურ პლეი-ოფში ბრძოლას პორტუგალია და ჩეხეთი განაგრძობენ, საქართველომ კი ევროტურნირზე ასპარეზობა ქვეჯგუფშივე დაასრულა.
8 ივლისი, თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, დასწრება: 25 000
ჩეხეთი - საქართველო 2:0
ჩეხეთი: იედლიჩკა, ხალუში, კრალი, ხვეია (გრანეჩნი 66), ჰოლიკი (ფრანტიშეკი 90+3), მარეჩეკი, სადილეკი, ტიშლერი, ჰაველკა, შაშინკა, ტურინა (გრაიციარი 81).
მწვრთნელი: იან სუხოპარეკი
საქართველო: ჩოჩიშვილი, მალი, ბურჯანაძე, კობოური, ლაკვეხელიანი, კუცია, ქოჩორაშვილი (საღრიშვილი 74), სამურკასოვი (არველაძე 67), არაბიძე, ჩაკვეტაძე, კოხრეიძე (ჩოგაძე 84).
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გოლები: შაშინკა (45+1), ჰოლიკი (70).
გაფრთხილება: ხვეია (55), ბურჯანაძე (61).
მსაჯი: მადს-კრისტოფერ კრისტოფერსენი (დანია)