weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ამ ადამიანების ფეხბურთი დასრულებულია – კობიაშვილი „ჩაწყობილი მატჩების“ საქმეზე

15:38 სამშაბათი, 21 მაისი 2019

„ნამდვილად არ ვაპირებ გამოძიების დალოდებას. არ მაინტერესებს. ფეხბურთის ფედერაცია აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს ზომებს როგორც კონკრეტული პიროვნებების, ასევე, არ არის გამორიცხული, კლუბების მიმართაც“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ე.წ. ჩაწყობილი მატჩების საქმეზე ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით.

ლევან კობაიშვილის თქმით, გაყიდული მატჩების ორგანიზატორები მოედანს ვეღარ ეღირსებიან.

„არასდროს შევეგუებით საქციელს, რომელიც ვიხილეთ. არ შერჩება არცერთ ადამიანს, ვინც აძლევს თავს უფლებას, ამხელა ზიანი მიაყენოს არა მარტო თავის სახელს, არამედ თავის კლუბს, ქართულ ფეხბურთს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ქართული ფეხბურთისთვის მუშაობს. ყველაფერი წყალში იყრება მათი ამ საშინელი ქმედებით. ვაფრთხილებ ყველას, ნუ გაბედავს ნურავინ.

ვერ ეღირსებიან მოედანს. ჩვენთვის ამ ადამიანების ფეხბურთი დასრულებულია. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ და მე პირადად, რომ მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი, ამ ფეხბურთელებმა ფეხბურთი ვერ ითამაშონ“, – აღნიშნა კობიაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ფეხბურთელების საქციელის გამართლებას საფეხბურთო კლუბში არსებული ფინანსური პრობლემებით ცდილობენ.

„ერთადერთი დავალიანება, რაც ამ კლუბს ჰქონდა, იყო ის, რომ ბოლო ორი კვირის ხელფასი არ ჰქონდათ გაცემული. არანაირი გამართლება არ აქვს ამ ფეხბურთელების საქციელს“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მატჩების ჩაწყობის ბრალდებით რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. ბრალდებულები არიან საფეხბურთო კლუბების ლანჩხუთის „გურიას“, „ჭიათურასა“ და „ვიტ ჯორჯიას“ მოქმედი ფეხბურთელები. სუს-ის განცხადებით, მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში 93 500 ლარი მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]